სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს მომავალშიც გეგმავს არაერთ ვიზიტს ნინოწმინდის პანსიონში, იქ არსებული მდგომარეობის სრულფასოვანი შესწავლის, არასრულწლოვანთა საჭიროებების შეფასებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებაშია აღნიშნული.
„სახალხო დამცველი მიესალმება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, უზრუნველყონ დაწესებულებაში სახალხო დამცველის საქმიანობის დაუბრკოლებელი განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციის შესრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ნინოწმინდის პანსიონში 15 არასრულწლოვანი და 1 სრულწლოვანი ბენეფიციარი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან დაწესებულებაში და ახორციელებენ ბენეფიციარების საჭიროებების შეფასებას, მათ შორის, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების და ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში გადაყვანის საკითხს. სახალხო დამცველი გააგრძელებს აღნიშნული პროცესის მჭიდრო მონიტორინგს და შეფასებას.
28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა პანსიონის ხელმძღვანელს, დაათვალიერა დაწესებულება და გაეცნო ბავშვებს. მონიტორინგის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეისწავლეს პანსიონში არსებული დოკუმენტაცია და გაესაუბრნენ არასრულწლოვნებს.
მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე: აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ