საქართველო-NATO ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ავღანეთში 17-წლიანი მისიის დასრულების შემდეგ? საექსპერტო წრეებში ეს შეკითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა 17-წლიანი სამსახური ავღანეთში დაასრულა და სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა. რიგი პოლიტოლოგები საქართველოს მხრიდან ახალ ინიციატივას ელიან და მიუთითებენ იმის საჭიროებაზე, რომ საქართველომ იპოვოს საკუთარი ადგილი NATO-ს სხვადასხვა ოპერაციაში და შეინარჩუნოს მაღალი დონის კავშირები NATO-ს სამხედრო ძალებთან.

დავით ზალკალიანი: საქართველოს თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაასრულეს 17-წლიანი სამსახური ავღანეთში

გუშინ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

როგორია ალიანსის პოზიცია. NATO-ს აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს, და ალიანსი მზადაა, საქართველო NATO-ს მისიებში იყოს წარმოდგენილი, აცხადებს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და აღნიშნავს, რომ საქართველო თავად გადაწყვეტს, რისი გაკეთება სურს.

„ავღანეთის მისია, რომელიც ახლა დასასრულს უახლოვდება, ცხადია იყო ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც საქართველომ გვაჩვენა, რომ მას უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამავე დროს საქართველომ გააუმჯობესა შეიარაღებული ძალებისა და მათი თავსებადობა NATO-ს ძალებთან. ვეძებთ გზებს, რომ ეს კომპონენტი არ დავკარგოთ. ვგულისხმობ, პოლიტიკურ და პრაქტიკულ ჩართულობას, რომელიც ამას თან მოსდევს.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედ ოპერაციებსა და ასევე, აფრიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში შეტანილი წვლილი დაფასებულია.

„ამან დიდი სარგებელი მოუტანა საერთაშორისო უსაფრთხოებას და NATO-ს. ვიცი, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. ამიტომ, ამ მისიებში გაღებული მსხვერპლი ძალიან მტკივნეულია მთელი საქართველოსთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ამისთვის. ავღანეთის მისია სრულდება, მაგრამ NATO-ს აქვს ბევრი შესაძლებლობა, შეინარჩუნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა. საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი.

ჩვენ ერთად ვატარებთ ყოველწლიურ წვრთნებს, ასევე გაგვაჩნია ტექნიკური სტრუქტურები, რათა ერთად მუშაობა კვლავ შევძლოთ, თუმცა ოპერაციების მონაწილეობით კონტრიბუცია და თანამშრომლობა ყველაზე მეტად დასაფასებელია. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ კვლევას, თუ რა შესაძლებლობები არის ღია საქართველოსთვის. მაგალითად, ჩვენი ოპერაცია გაფართოვდა ერაყში, რომლის ფარგლებშიც ერაყელებს გავწვრთნით, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება სუვერენულია. საქართველო თავად გადაწყვეტს, რისი გაკეთება სურს. NATO აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს და ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ საქართველო ჩვენს მისიებში იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც ამ რანგში საქართველის ბოლოჯერ სტუმრობს. ის შეხვედრებს თბილისში ხვალ გამართავს და ბრიუსელში დაბრუნების შემდგე მუშაობას განაგრძობს ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილედ უფსართხოების მიმართულებით.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის და NATO-ს გადაწყვეტილება ავღანეთის თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების შესახებ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დამატებით გამოწვევებს აჩენს, აქედან გამომდინარე კი ჩნდება ახალი გზების ძიების საჭიროებები როგორც სამხედრო წინსვლის, ისე გაწევრიანების პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერებისთვის.

კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ავღანეთის მისიაში მონაწილეობა საქართველოს დიდ პოლიტიკურ ქულებს სძენდა, ამიტომ საჭიროა, ეს მომენტი არ დაიკარგოს და შევინარჩუნოთ მაღალი დონის კონტაქტები. Euriopetime-თან ინტერვიუში ექსპერტი საქართველოს მხრიდან გააქტიურების აუცილებლობასა და ინიციატივების წამოჭრის საჭიროებაზე მიუთითებს.

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო NATO-ს ქვეყნებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს

„საჭიროა, რაღაც ახლის შეთავაზება, რომ საქართველომ იპოვოს საკუთარი ადგილი NATO-ს სხვადასხვა ოპერაციაში და შეინარჩუნოს მაღალი დონის კავშირები NATO-ს სამხედრო ძალებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გააქტიურდეს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით და NATO-ს შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა, აიღეს თავის თავზე ავღანური ჯარის ტრენინგი“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია და აქვე თურქეთის მაგალითი მოჰყავს.

„ასეთი სურვილი თურქეთმა დააფიქსირა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველომაც გამოიჩინოს ინიციატივა ამ კუთხით. ან რეგიონული მასშტაბით წარმოადგინოს ინიციატივა, იმის საკომპენსაციოდ, რომ არ გაქარწყლდეს ის კონტაქტები, რომლებიც წლების განმავლობაში გვქონდა და გარკვეული დივიდენდები მოჰქონდა ჩვენს ურთიერთობებში NATO-სთან“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველოს, შესაძლოა, სწორედ თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გამოცდილების გათვალისწინებით ჰქონდეს შესაძლებლობა, ავღანეთის კონტექსტში საკუთარი წვლილის შეტანა კვლავ აქტიურად განაგრძოს.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა 17-წლიანი სამსახური ავღანეთში წარმატებით დაასრულა. ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი 28 ივნისს დაბრუნდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. საქართველო NATO-ს არაწევრებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო. ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

2021 წლის აპრილში, აშშ-მა და NATO-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი აშშ-მა პირველ მაისს დაიწყო და როგორ თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, სექტემბრამდე დასრულდება.