ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ალიანსის წევრებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებთან ერთად თავდაცვის რეფორმირების პროცესი გააცნო, რომელიც NATO-სთან თავსებადი, მაღალი მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანი ძალების ჩამოყალიბებას ემსახურება.
"სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის სრული სპექტრი მიმოიხილა. ხაზი გაესვა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სახით ნატო-ს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას რომელიც საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადებას ემსახურება. მინისტრმა NATO-ს მხარეს, მოკავშირე ქვეყნებსა და პარტნიორებს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩემს ქვეყანასა და შავი ზღვის რეგიონში NATO-სა და პარტნიორი ქვეყნების უფრო აქტიური ჩართულობით მიიღწევა“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მიესალმა ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეს, რომელშიც ხაზგასმულია ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მიმართ და საუბარია NATO-საქართველოს ურთიერთობებში მესამე მხარის ჩაურევლობის შესახებ.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იენს სტოლტენბერგმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს