ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 1 040 სასუნთქი აპარატი, 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი და ამ კუთხით ქვეყანაში კოლაფსი არ არის.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა მდგომარეობაა სასუნთქ აპარატებთან დაკავშირებით, რადგან იყო შემთხვევები, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადარჩენა სწორედ სასუნთქი აპარატის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს კლინიკების დონეზე არაეფექტურ მართვასთან.
“დღეს პრემიერთან ერთად კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდით, სადაც კლინიკებში მეტად უფრო ეფექტურ მენეჯმენტზე ვისაუბრეთ. ეს გულისხმობს შემდეგს - დღეს-დღეობით ქვეყნაში სასუნთქ აპარატზე დამოკიდებულია დაახლოებით 257 პაციენტი. ჟანგბადდამოკიდებულია 937 პაციენტი. დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია. რეალურად კლინიკებს შეუძლიათ დანარჩენი პაციენტები კოვიდსასტუმროებში გადაანაწილონ, სადაც ისინი მკურნალობას გააგრძელებენ. აქ ჩვენ საქმე გვაქვს მეტად უფრო არაეფექტურ მართვასთან, რასთან დაკავშირებითაც მათთან კონსულტაციები გავიარეთ, ამ საკითხებზე შევჯერდით. კლინიკები თავიანთ დონეზე მენეჯმენტს გააუჯობესებენ - სასუნთქი აპარატები და ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლები იმ პაციენტებისთვის იქნება მობილიზებული, ვისაც ეს ესაჭიროება“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ და დასძინა, რომ დაგეგმილია დამეტებითი შესყიდვები და სასუნთქი აპარატები საჭიროების მიხედვით ყველა კლინიკაში გადანაწილდება.
მისივე თქმით, დღეს, დღის ბოლოსთვის გაწერებთან ერთად, დაახლოებით, 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად.
„საყურადღებოა ის, რომ დღევანდელი საწოლფონდი არის 5868, აქედან დღეს წევს 5313 პაციენტი, ტრიაჟში ამ დროისთვის იმყოფება 253 პაციენტი, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა არის 227. დღეს, დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და იქნება 5952. ყოველდღიურ რეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლფონდის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზენებისთვის და დღეს დღის ბოლოსთვის ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად დაახლოებით 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად. ყოველდღიური გაწერების რაოდენობა არის 800 პაციენტამდე და ასევე მიღების კოეფიციანტი და პროცენტი ჰოსპიტალიზაციის ამ ეტაპამდე ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ მაღალი, რაც გამოწვეულია იქედან გამომდინარე, რომ გვიანი დაკავშირება ოჯახის ექიმთან და სიმპტომის მიზეზის დადგენა. ვთვლით, რომ ჩვენი მოქალაქეების პროაქტიული ჩართულობა და ასევე პრობლემის დროული იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ ჰქონდეთ ყველა ის ბერკეტი, რითაც დროულად დაუკავშირდებიან ოჯახის ექიმს და ასევე ტესტირების ჩატარების კუთხითად დროულად დაესვათ დიაგნოზი“, - განაცხადა ტიკარაძემ.