დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის ე.წ ლოკდაუნი, იგივე სრული ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა განიხილება სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი უკვე დაწესებულია.
როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ვირუსის პრევენციისთვის საჭირო შეზღუდვებთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელეს.
„მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე მსჯელობა დღესაც იყო. საღამოს კიდევ გაიმართება დამატებითო კონსულტაციები და ასევე, ხვალაც. ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუ რაზეა საუბარი ამაზე წინასწარ ვერ გეტყვით. მე ჩემს რეკომენდაციებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაჟღერებ, იმიტომ, რომ საბჭო გადაწყვეტილებას შეთანხმებით იღებს. ის, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში სამი თვის განმავლობაში, ასეთი სრული ჩაკეტვა არ განიხილება. განიხილება სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება. თუმცა, მარტო გამკაცრება მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია ამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ერთ-ერთი მთავარი შემზღუდავი ღონისძიება არის პირბადის ყველგან ტარება. დღევანდელი ახალი ე.წ. შეფასებითი მაჩვენებლით, რომელსაც მთელ მსოფლიოზე, მათ შორის, საქართველოზე აკეთებს ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 55%-დან 60-მდე. თუ ჩვენ ამას 95%-მდე ავიყვანთ, მაშინ ინფიცირების ზრდა აღარ იქნება, პირიქით, ყოველდღიური ინფიცირება ქვემოთ წამოვა. ამიტომ, გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა მის აღასრულების კონტროლს აქვს, სწორად ვაკეთებთ თუ არა მისი აღსრულების კონტროლს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, კოვიდინფიცირებულებისთვის შესაძლოა, საგამოფენო ან სამხედრო სივრცეების მოწყობა განიხილონ.
„ამჟამად სტაციონარებში წევს დაახლოებით 5000-მდე ადამიანი, აქტიური ინფიცირების დაახლოებით 30%. მობილიზაციისკენ გადადმული ნაბიჯები არის, რომ ჯერჯერობით საავადმყოფოებში დაგეგმილია 8 ათასიდან 8500-მდე საწოლის მობილიზება, ანუ ჯერ კიდევ შესაძლებელია 3 ათასამდე საწოლის მობილიზაცია. ასევე მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე. თუ ამის საჭიროება დადგა, ეს საკითხები განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის. ჯერჯერობით კიდევ 3000 საწოლის მობილიზება შესაძლებელია ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. ტრიაჟი, ანუ რამდენად სწორად გავაკეთებთ ტრიაჟს. დღეს არსებული 5 ათასი ადამიანი, ვინც საავადმყოფოებში წევს, გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს საავადმყოფოებში მკურნალობას, საჭიროებენ კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე მკურნალობას. საერთაშორისო პროცენტი აქტიური კოვიდინფიცირებულებიდან სხვადასხვა ქვეყანაში მერყეობს 5-7-10%-ის ფარგლებში, ვისაც საავადმოფოში მკურნალობა სჭირდება. ჩვენთვის უპრიანი იქნება თუ ეს მაჩვენებელი 15-20%-ის ფარგლებში გვექნება, რადგან არ დავიკავოთ საავადმყოფოში ადგილი იმის, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა და ინტენსიური თერაპია. ამის განაწილებას, რომელიც ჩვენზე, ექიმებზეა დამოკიდებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, მზარდი ინფიცირების ფონზე. გარდა სპორტის სასახლისა ბევრი რამ შეიძლება იქნეს განხილული. რატომ მაინცდამაინც სპორტის სასახლე? ვსაუბრობ ადაპტირებულ სივრცეებზე, თუ ეს საჭირო გახდა. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჩვენი საგამოფენო სივრცეები? ან ჩვენი სამხედრო სივრცეები? ყველაფერი განიხილება. მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანას, დაახლოებით, 3 სათასამდე საწოლის მობილიზება შეუძლია კოვიდისთვის. მაგრამ თუ ჩვენ დავიჭერთ 25-20%-ს საავადმყოფოებში ახალი ინფიცირებულების მოთავსებისას, მაშინ დიდი იმედი მაქვს არ დაგვჭირდება ახალი სივრცეების მობილიზება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.