კახა კუჭავამ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ამ პროცესში, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აგრძელებს მხარდაჭერას საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს NATO-ს მისიებში შეაქვს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მოახლოებულ არჩევნებს და საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებს.

კახა კუჭავამ ჯეიმს აპატურაის საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი საქართველოში ვიზიტით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს.

NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს თავდაცვის მინისტრმაც უმასპინძლა. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.