დღეს ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ Europetime-ს განუცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული 150 სამედიცინო დაწესებულება და დაახლოებით, 350-მდე ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი კი შეუფერხებლად მუშაობს.
„მასობრივი ვაქცინაციისთვის დღეს ყველა პირობაა შექმნილი. მასობრივი ვაქცინაცია რას ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც სჭირდება ვაქცინაცია, შეფერხების გარეშე მივიდეს და შეძლოს ვაქცინის დოზის მიღება - ეს არის მასობრივი ვაქცინაციის მთავარი პრონციპი. ამრიგად, დღეს ვაქცინის დოზები არის საკმარისი, ამცრელი კაბინეტები არის საკმარისი, იმისთვის, რომ ყველა მსურველის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მთავარია, მოქალაქეების მხრიდან იყოს შესაფერისი აქტივობა და ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად ესეც გაიზრდება და გვექნება თანაბარი აქტიურობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დღეს თბილისი მეტად აქტიურია, ვიდრე რეგიონები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გათანაბრდება მოთხოვნა და გაიზრდება მომართვიანობა. ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 150 სამედიცინო დაწესებულება. დაახლოებით 350-მდე ამცრელი ბრიგადა მუშაობს.", - განუცხადა თამარ გაბუნიამ Europetime-ს.
ამ ეტაპზე უცნობია, დღეს რამდენი ადამიანი აიცრა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში.
„პირველივე დღეს ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 25 000 ადამიანი აიცრას, მაგრამ ეტაპობრივად, ვფიქრობთ, კვირის ბოლოსკენ ჩვენ მივაღწევთ იმ სამიზნეებს, რომელიც გვინდა, რომ დღის განმავლობაში შესრულდეს. დაახლოებით 500 000 - 600 000 ადამიანი უნდა აიცრას 30 დღის განმავლობაში - ეს არის ჩვენი მიზანი მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის პირობებში", - განაცხადა გაბუნიამ.
კითხვაზე, მოახდენდა თუ არა გარკვეულ გავლენას, დღეს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის წარმართვაზე, გაბუნიას თქმით, ამ ყველაფერმა „სტრესული გარემო“ შექმნა.
„ვერ გეტყვით, ახლა ნამდვილად ვარაუდი გამოვა, თუმცა რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, სტრესული გარემო შექმნა ამ ყველაფერმა და შესაძლებელია, რაღაც შეფერხებაც გამოეწვია, მაგრამ რთულია, დავაკავშირო ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული Astrazeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია
საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა