დილის მონაცემებით, 27000-მა ადამიანმა დაჯავშნა ვაქცინაციაზე ვიზიტი, რაც მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და დაბალი მაჩვენებელი იმით ახსნა, რომ მოსახლეობა სავარაუდოდ, ალტერნატიულ ვაქცინას ელოდება.
თამარ გაბუნიამ ერთ-ერთ ფაქტორად შიშიც დაასახელა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს გავრცელებულ ცნობებს, რომ ორჯერ ვაქცინირებულებიც ინფიცირდებიან, თუმცა გაბუნია აქვე განმარტავს, რომ საქართველოში ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა. ამასთან, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის მნიშვნელობის ახსნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაქცინაცია ვირუსული ინფექციის გართულებისგან გვიცავს.
რაც შეეხება „დელტა“ შტამს, თამარ გაბუნიას თქმით, ინდური შტამი საერთო ჯამში ახლა ქვეყანში 52 ადამიანს აქვს. 5 შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს და განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა გამოკვეთილი არ არის, თუმცა გავრცელების რისკი არსებობს და სიფრთხილე გვმართებს.
ვაქცინებზე საუბრისას თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ Astrazeneca-ს ვაქცინით აცრაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი, Pfizer-ს კი სავარაუდოდ ამ თვეში მივიღებთ.
მან ღია სივრცეში ხალხმრავალ შეკრებებზე, მათ შორის აქციებზე პირბადის გარეშე ყოფნის რისკებზე შეკითხვასაც უპასუხა.„პირბადის გარეშე ყოფნა ხალხმრავალ ადგილებში, ასეთი აქტივობების დროს სახიფათოა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 407 ადამიანს დაუდასტურდა, 591 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 ინფიცირებული გარდაიცვალა.
თამარ გაბუნია მასობრივ ვაქცინაციაზე: დღეს თბილისი უფრო მეტად აქტიურია