დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის, 25 ათასმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია Sinopharm-ით აცრისთვის. მან სტატისტიკაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოში ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია.
მისი თქმით, ძალიან საყურადღებოა ის დინამიკა, რომელიც ბოლო 10 დღეა, ქვეყანაშია, ინფიცირების თანდათანობით მზარდი მაჩვენებელი - დადებითობის ზრდის მაჩვენებელი, როგორც ბოლო 7 დღის, ისე ბოლო 14 დღის.
„ერთადერთი არის ის, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი, რომელიც ყველაზე მძიმე ინდიკატორია, ქვემოთ მოდის. ამიტომაც არის აცრები საჭირო. ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 1668 ადამიანი გარდაიცვალა, საიდანაც 1664 ვაქცინირებული არ იყო. ანუ, ამ გარდაცვლილების 98,6% არ იყო ვაქცინირებული. ჩვენ ასევე მალე გამოვაქვეყნებთ მონაცემებს, თუ რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ვაქცინაციის ერთი და ასევე 2 დოზის შემდეგ. მთავარი არის ის, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ უკვე სიკვდილობა არ გვქონია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კლინიკებში პირდაპირი რიგით და არა პორტალის საშუალებით, გუშინ 300-დან 400-მდე მსურველი აიცრა.
„რეგისტრაცია გახსნილია 19 ივლისამდე. ჩვენ, დაახლოებით, 100 ათასი ადგილი გავხსენით Sinopharm-ზე რეგისტრაციისთვის, 19 ივლისამდე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ეს აქტივობა არ არის მაღალი, თუმცა. პირველ ორ დღეში, 25 ათასის ჩაწერა არ არის ცუდი, რეგისტრაციის დინამიკა იმატებს, რაც პროგნოზულად, კარგი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ თანდათან, უფრო მეტი ადამიანი ჩაეწერება. დიდი იმედი გვაქვს, რომ კვირის განმავლობაში, დინამიკა უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, მაჩვენებლები ჯერ ჩვენ აბსოლუტურად არ გვაკმაყოფილებს, ეს ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და რაც საჭიროა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამზე, ვაქცინაციასა და ხალხმრავალ შეკრებებზე პირბადის არგამოყენების რისკებზე
თამარ გაბუნია მასობრივ ვაქცინაციაზე: დღეს თბილისი უფრო მეტად აქტიურია