დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ NCDC გასცემს რეკომედაციას, დიდ შეკრებებზე, ობიექტებმა და ორგანიზაციებმა მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ადამიანები დაუშვან. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ კონფერენციებსა და შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. იგივე, სასტუმროებში, აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად, ორჯერადად იყოს აცრილი და იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც შეკრება სხვადასხვა მიზეზით, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები. დღეს, ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა აცრებზე გადის. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე გაცხადებით, ახალი შტამების ფონზე, არსებობს სერიოზული ეპიდემიოლოგიური რისკები, ამიტომაც უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა - პირბადის ტარებაზე.
„გასულ კვირაში, დამატებით, „დელტა“, ანუ ე.წ. ინდური შტამის 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში, ინდური შტამის ცირკულაცია ანაცვლებს ბრიტანულისას. პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში, ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველგან - დახურულ სივრცეებშიც და ღიაშიც, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, პირბადე ვატაროთ. მაგალითად მე, მას გარეთაც ვატარებ. ესაა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და არა - პირბადის ტარებაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამზე, ვაქცინაციასა და ხალხმრავალ შეკრებებზე პირბადის არგამოყენების რისკებზე
ამირან გამყრელიძე: საქართველოში ორჯერ აცრილებში კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია