ვაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ორივე აქცია დასრულდა და შეკრების მონაწილეები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას.

„ორი აქცია ჩატარდა და შესაბამისიდ, აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუცია და ასეც არის, დამერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

აღსანიშნავია, რომ დუმილის აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სპეცრაზმის გამოყვანას მოუწოდებენ, მათ ამ მოთხოვნით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვაჟა სირაძეს მიმართეს.

ამ დროისთვის პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა, ნაწილი კი ადგილზე რჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პრაიდის მოწინააღმდეგეებიც. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავს გაყოფილი.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილი ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები დრო და დრო პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ისინი აგრესიით გამოირჩევიან არა მხოლოდ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ არამედ სამართალდამცველებისადმი. ისვრიან ქვებს, კვერცხებს, შუშის ბოთლებსა და რკინის მძიმე საგნებს, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე და პოლიციელი დაშავდა.

შსს: უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები

პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა