შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჰერალდიკის საბჭო ავრცელებს.
ჰერალდიკის საბჭოს განმარტებით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით.
"გასული დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ სიმბოლოებს. დროშა არის განსახიერება, გამოსახულება ღირებულებების, რომლისკენაც ისრწაფვის და რომლისთვისაც ხშირად იბრძვის საზოგადოება. ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის დროშის, საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვის და გამოფენის წესის, დაცვისა და ღირსი პატივით მოპყრობის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას.
ასევე განვმარტავთ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ერთი რომელიმე ორგანიზაციის ევროკავშირის ან ევროსაბჭოს წარმომდგენი სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობასა და მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობისა და ჰარმონიის სიმბოლოა.
საქართველოს ისტორიული გზა, ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურული იდენტობა, თანამედროვე პოლიტიკური და ფასეულობითი არჩევანი გაცხადებული არაერთხელ, მათ შორის საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას მუდმივად აღვმართოთ ევროპული დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით", - ნათქვამია ჰერალდიკის საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.
დღეს, კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა