ლექსო ლეკიაშვილის ბლოგი
ყველაზე მეტად პროგნოზირებადი, რაც მსგავს დღეებში ხდება ხოლმე, ესაა ფეისბუქზე აღშფოთებული საზოგადოების პოსტების წერა - რომ ქრისტიანობას ძალადობასთან კავშირი არ აქვს, რომ უნდა რცხვენოდეთ მღვდლებსაც და მოძალადეებსაც, რომ ბრბოს ძალადობა ფერადთმიან ახალგაზრდებზე არაა ნორმალური და ა. შ.
მეც ანბანური ჭეშმარიტებით დავიწყებ, ოღონდ ცოტა შორიდან:
ადამიანს, ცხოველებისგან განსხვავებით, აქვს ფსიქიკის ნაწილი, რომელსაც შეუძლია, პასუხი გასცეს კითხვას „რატომ?“.
ამ ნაწილს ზოგი ცნობიერს ეძახის, ზოგი - „მე“-ს, ზოგი - ადამიანობას, ზოგიც - პასუხისმგებლობას.
რელიგიური თვალსაზრისით, ამას ჰქვია სული.
სული - ესაა სწორედ ის ნაწილი, რომელიც უკვდავია (ასევე რელიგიური თვალსაზრისით) და რომელიც, რომელიღაც სამყაროში, რჩება ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც.
ტყუილად როდი ჰქვია ქრისტიანობის უზენაესი სამების ერთ-ერთ იპოსტასს - „სული წმიდა“.
ქრისტიანული სწავლებების მიხედვით, სწორედ ადამიანთა სულების - ანუ ცნობიერი ნაწილისთვის იბრძვის ლუციფერიც.
და რა მოხდება, თუ ადამიანს სულს წაართმევ სიცოცხლეშივე?
ანუ, თუ ადამიანი დაკარგავს იმ ნაწილს, რომელსაც შეუძლია, უპასუხოს კითხვას „რატომ?“
მოხდება ის, რასაც ძველი ქართული ანდაზა ამბობს - უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან.
ასეთი ადამიანი ხდება უბრალო ფუტლიარი - ჭურჭელი, რომელშიც ნებისმიერი, ვინც მოინდომებს, ჩაასხამს ყველაფერს, რასაც უნდა.
ადამიანი სიკეთის განსახიერება თავისთავად რომ არ არის, ამას ზიმბარდოს ექსპერიმენტმაც გასცა პასუხი წლების წინ.
და როგორ უნდა მივხვდეთ ადამიანის მიერ სულის დაკარგვის შესახებ?
თვითონ კარგავს სულს ადამიანი თუ სხვა ართმევს?
ერთი რეგიონის წიგნის მაღაზიის თანამშრომელმა ახალგაზრდებმა რომ თქვეს, ასე 10 წლის წინ - თვეში ერთხელ, ჩვენი ხელფასით, სიბილწის (ანუ ეროტიკული მომენტების) შემცველ წიგნებს ვყიდულობთ ხოლმე და ვწვავთო, გახსოვთ ვინმეს?
მაშინვე დაგავიწყდათ, ხო?
სადაც წიგნებს წვავენ, იქ ევროკავშირის დროშასაც დაწვავენ და ადამიანებსაც მიაყოლებენ ზედ. მარა სად გვცალია ხოლმე მაგისთვის. რა თემაც „აიწევა“ ფეისბუქზე, იმაზე გადავერთვებით მომენტალურად და ამ დროს ვიღაც სულგამოცლილები სხვებს აცლიან სულებს.
ამპუტირებულ სულს პროთეზით ვერ შეცვლი - როგორც ალ პაჩინოს პერსონაჟი, ბრმა პოლკოვნიკი ამბობს „ქალის სურნელში“.
ეს ორი დღე, რასაც ვუყურებთ, სულის ამპუტაციის შედეგად დარჩენილი სხეულებია, სხვა კი არაფერი.
არცერთ მათგანს არ შეუძლია, გასცეს პასუხი კითხვაზე „რატომ“ - რატომ ურტყამდნენ თავში სიფრიფანა გოგოებს, რატომ სცემდა ერთ კაცს 25 ჯანიანი ტიპი გამეტებით, რატომ არის საშიში უცხოელი ტურისტი საყურით, რატომ...
ბრბოს რომ სული არ აქვს, ეგ ვიცით - პასუხისმგებლობა აბსოლუტურად ნიველირებულია ბრბოში და ამ პასუხისმგებლობის გადანაწილება-გაქრობის გამო ადამიანი იქცევა უსულო არსებად, ზომბად.
სხვა კი არაფერია ზომბი-აპოკალიფსი - მრავალრიცხოვანი, უცნაურად განათებული თვალებით მოსიარულეები, რომელთა ნაკვალევზეც ნანგრევები და უდაბნო რჩება.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს ეუბნება - მოდი, შენს მაგივრად მე ვიფიქრებო - სულს აცლის ამ ადამიანს და ზომბად აქცევს.
ყველა ადამიანი უფლის სახლია და როცა იქიდან მისი სული, ანუ აზროვნების უნარი, ცნობიერება გაგყავს, უნდა იცოდე, რომ ეშმაკების საპატრონოდ იმეტებ.
ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს გამართლებული - როცა თავად ხარ ლუციფერის წარმომადგენელი და ზუსტად ეს გაწყობს, რომ ადამიანებს სული წაართვა.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სულებს - სხეულზე მძიმეაო, გამიგონია.