5-6 ივლისის არეულობების შემდეგ, საქართველომ და ევროკავშირმა ძალადობა არამარტო დაგმეს, არამედ საქართველომ ევროკავშირის წინაშე შეკრებისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლებების ქმედითი დაცვის შესახებ პირობა დადო. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ამ უფლებების დაცვა არის ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველი. ეს ტექსტი ერთვის წინ გერმანიის ელჩის კომენტარს, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„მივესალმები საქართველოს მთავრობის დაპირებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების დაცვის დიალოგისას. მას ოფიციალური ხასიათი აქვს და ბევრად უფრო ნათლად არის ფორმულირებული, ვიდრე ბევრი სხვა განცხადება, რომელიც გასული დღეების განმავლობაში მოვისმინეთ. კვლავაც დავაკვირდებით, თუ როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს", - განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.
ცნობისთვის, 6 ივლისს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის რიგით მე-14 შეხვედრა. დიალოგის ფარგლებში, ისევე როგორც აქამდე, ღია და კონსტრუქციული დისკუსია შედგა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის და ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე მიმართული ევროკავშირის პოლიტიკის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
"ევროკავშირმა და საქართველომ კვლავ დაადასტურეს ადამიანის უფლებების ყველასთვის საყოველთაოდ აღიარებისა და განუყოფლობის ერთგულება, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, მათ შორის სქესის, რასის, კანის ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, რელიგიური აღმსარებლობის ან მრწამსის, პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მოსაზრების, ქონების, დაბადების, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად. მათ ერთობლივად დაგმეს ორშაბათს თბილისში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, რის გამოც LGBTQ ღირსების მარში იძულებით გაუქმდა. ეს თავდასხმები დაუშვებელია. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხელისუფლების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებების ეფექტიანი დაცვა ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ევროკავშირმა და საქართველომ მხედველობაში მიიღეს საქართველოს დადასტურება, რომ მან ძალადობრივი თავდასხმების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო და ეს გამოძიებები გრძელდება. მხარეებმა ასევე სიძულვილის ენის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობისკენ წაქეზების აღსაკვეთად შემდგომი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
ევროკავშირმა და საქართველომ განიხილეს უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების მდგომარეობა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები საქართველოში. ევროკავშირი მიესალმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას და მოუწოდა მისი ეფექტიანი განხორციელებისკენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობის და მომსახურების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
ევროკავშირმა ყველას შეახსენა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა და მოუწოდა საქართველოს, გაზარდოს ძალისხმევა, რათა დასრულდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა, მათ შორის გენდერული და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, და ასევე ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტი პირების, დაცვისა და უკეთესი ინტეგრაციისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა საქართველოს, განავითაროს კანონმდებლობა და კოორდინირებული ძალისხმევა მიმართოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებაში რეალური სარგებლის მოსატანად", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებილ ინფორმაციაში.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ