„ქართული ოცნების“ დეპუტატი: აშშ-ს დასჭირდა თვეები, რომ ძალადობა აღეკვეთა, მაშინ, როცა ჩვენთან პოლიციამ ეს რამდენიმე საათში შეძლო

„ქართული ოცნების„ წევრმა სოზარ სუბარმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აშშ-სთან პარალელისას აღნიშნა, რომ „მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს დასჭირდა თვეები, რომ ეს ძალადობა აღეკვეთა, მაშინ, როცა ჩვენთან პოლიციამ მართლა შეძლო, რომ რამდენიმე საათში სრულად მოეხდინა ლოკალიზება ამ ძალადობის“.

„რამდენიმე საათში მოხდა ლოკალიზება ამ ძალადობის, მაშინ, როცა ჩვენ გვახსოვს, რამდენი თვე გრძელდებოდა შეერთებულ შტატებში ძალადობების აქციები, 20-მდე ადამიანი დაიღუპა ამ ძალადობების დროს, ასეულობით პოლიციის, მერიის, გუბერნატორების შენობები დაარბიეს და დაანგრიეს, აღარ ვლაპარაკობ, რამდენი მაღაზია დაიწვა და რამდენმა ადამიანმა თვალი დაკარგა, 10-მა მთლიანად დაკარგა მხედველობა, 30-მდე-ნაწილობრივ, უამრავი დაზიანებული, მაღაზიების ძარცვებზე აღარ ვლაპარაკობ. მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს დასჭირდა თვეები, რომ ეს ძალადობა აღეკვეთა, მაშინ, როცა ჩვენთან პოლიციამ მართლა შეძლო, რომ რამდენიმე საათში სრულად მოეხდინა ლოკალიზება ამ ძალადობის.

ქალბატონი დეგნანის განცხადება მართლა გამიკვირდა იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ხდება ზოგადად ასეთი აქციების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და კარგად გვახსოვს ის მრავალთვიანი აქციები, რომელიც შეერთებულ შტატებში ხდებოდა.

„შავი სიცოცხლე ფასობს“ - ეს აქციები იყო, როდესაც მოხდა არაერთი პოლიციის, გუბერნიის, მერიის შენობის დარბევა, ხდებოდა მაღაზიებზე თავდასხმები, მანქანების დამტვრევა, უდანაშაულო ადამიანების ცემა, წამება ლამის ქუჩაში. ეს ხდება ყველგან და მთავარია, ამაზე სახელმწიფოს ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება. საქართველოს პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მოულოდნელი იყო, რომ 20 სხვადასხვა ადგილას გაიშლებოდა ეს აქციები, მაინც შეძლო, დროულად აღეკვეთა ძალადობა. მეორე დღეს ყველაფერი ჩატარდა გაცილებით მშვიდად და ყველა ადამიანი აგებს პასუხს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, გუშინ , "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებზე: იმედგაცრუებულები ვართ, ეს იყო ძალიან სევდიანი დღე საქართველოსთვის