კახა კუჭავა: დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ

საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ნორმა ჩვენი ევროატლანტიკური გზისა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე სამადაშვილის განცხადებას ევროკავშირის დროშის დახევასთან დაკავშირებით.

კახა კუჭავას თქმით, საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

"დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც დროშას ხევენ, ევროკავშირის დროშას, რეაგირებაც შესაბამისი იყო და მე დღეს ბიუროზეც ვახსენე, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, მათ შორის, ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ამაზე ჯობია, ვიმსჯელოთ, შემდეგზე რომ მსგავსი რამე არ მოხდეს და ვინ როგორ დაისაჯოს და არა ის, ვის როგორ დაახიეს თავზე დროშა...

არავინ არ ამბობს, რომ რაც მოხდა კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება ვაგებინოთ პასუხი, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე და საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ, საჭიროა, რომ შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ნორმა ჩვენი ევროატლანტიკური გზისა", - განაცხადა კახა კუჭავამ.

7 ივლისს, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა რამდენჯერმე ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იყო აღმართული.

კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა