ივანე ჩხაიძე: ორჯერ ვაქცინირებულებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო ორ კვირაში თითქმის გაორმაგდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

„ის რომ, უნიღბოდ სიარული არ არის დასჯადი, არ ნიშნავს, რომ ნიღაბი არ უნდა ვატაროთ. ის რომ, სახელმწიფო არ გვავალდებულებს გავიკეთოთ ნიღაბი, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ნიღაბი არ უნდა გავიკეთოთ და ნებისმიერ სივრცეში, ღია იქნება თუ დახურული, ნიღბის გარეშე ვიყოთ. ნიღბის ტარება, დისტანცია, ხელების დაბანა - ეს რეკომენდაციები, რაც აქამდე გვქონდა, არავის გაუუქმებია. ვალდებულება და რეკომენდაციის გაუქმება სრულიად სხვადასხვაა.

მეორე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენი ციფრები დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევა. ორჯერ ვაქცინირებული ადამიანებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის, ისევე როგორ სხვა ტიპის ვარიანტები. ყველა ქვეყანა ინდური ვარიანტის შეჩერებისთვის ეფექტურ საშუალებად, ნიღბის ტარების შემდეგ, ვაქცინაციას განიხილავს. ჩვენ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება შეიძლება განვიხილოთ ნიღბის ტარების ერთადერთ საპირწონედ", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა რისკი იმისა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს, ივანე ჩხაიძემ უპასუხა, რომ ამის ალბათობა არსებობს.

„ასეთი პრეცედენტი არსებობს. ბევრმა ქვეყანამ, რომლებმაც გააუქმეს ნიღბის ტარება და შემდგომში დაუფიქსირდათ შემთხვევების მატება, ისევ დააბრუნეს ნიღბის ტარების ვალდებულება. შესაბამისად, ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შემთხვევების მატებას სამი ფაქტორით ხსნის

ივანე ჩხაიძე: არის იმის ალბათობა, რომ ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს