აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს

შეერთებული შტატები აპირებს ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას, რომლებიც კონფლიქტის დროს ეხმარებოდნენ აშშ-ის მეთაურობას და მიიჩნევენ, რომ ისინი რისკის ქვეშ არიან. ამის შესახებ ინფორმაციას, თეთრ სახლზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ოპერაცია „მოკავშირეთა თავშესაფარი“ ივლისის ბოლო კვირის განმავლობაში დაიწყება.

„ეს გამბედავი ადამიანები არიან. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვაცნობიერებთ და ვაფასებთ მათ მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესრულებულ როლს", - განუცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

ამასთან, წყარომ, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ევაკუაციის პირველი ნაწილი 2500 ადამიანს შეეხება. ევაკუირებული თარჯიმნები, სავარაუდოდ, აშშ-ში ან მესამე ქვეყანაში სამხედრო ობიექტებში განთავსდებიან.

ცნობისთვის, ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთიდან არჩეულ ქვეყანაში სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული „თალიბანი“ უახლოეს წლებში.

არავის ინტერესშია, რომ ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის - ექსპერტების ხედვა