კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად შექმნილ სამთავრობო კომისიას საკმაოდ ამბიციური ამოცანები აქვს - ლაშა დარსალია

დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად შექმნილ სამთავრობო კომისიას საკმაოდ ამბიციური ამოცანები აქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს.

ლაშა დარსალიას განცხადებით, მოიაზრება ექვსთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მეტ-ნაკლებად საერთო ხედვაზე უნდა მოხდეს ჩამოყალიბება და რომლის ფარგლებშიც მოიაზრება ყველა აქტორთან, არამარტო სახელმწიფო აქტორთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან, Think-Tank-ებთან ჩართულობას სხვადასხვა პროცესის ფარგლებში.

„დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად, სამთავრობო კომისია არის შექმნილი. გუშინ იყო პირველი შეხვედრა და პრაქტიკულად დაიწყო პროცესი. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა კომისიის წინაშე. მე ვიტყოდი, საკმაოდ ამბიციური ამოცანებია. პირველ რიგში, ეს არის უწყებათაშორისი პროცესის წარმართვა და მეორე მხრივ, ერთიანი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბება. აქ იგულისხმება ის, რომ არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ საზოგადოების ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით.

საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და მერამდენე ათეული წელია, ეს საკითხი საქართველოს წინაშე დგას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე იყოს საერთო ეროვნული კონსენსუსი და ყველა აქტორი, ვინც მეტ-ნაკლებად ჩართულია ამ საკითხში, კომისიის მიერ მოიაზრება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და როგორღაც შევძლოთ ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბება ამ საკითხებზე.

მოიაზრება ექვსთვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მეტ-ნაკლებად საერთო ხედვაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოვიაზრებთ ყველა აქტორთან, არამარტო სახელმწიფო აქტორთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან, Think-Tank-ებთან ჩართულობას სხვადასხვა პროცესის ფარგლებში, რომ ერთიანი აზრი ჩამოყალიბდეს. დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი, რადგან ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეროგატივა. მასზე უნდა არსებობდეს საერთო ეროვნული კონსენსუსი თავად საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ ყველა დაინტერესებული ჯგუფი, ვინც არის ჩართული პროცესებში, იყოს ამ პროცესის ნაწილი“, - განუცხადა ლაშა დარსალიამ Europetime-ს.

მკაფიოა ის მხარდაჭერა, რომელიც ექნებათ აშშ-ის და ევროკავშირის პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს - ლაშა დარსალია

დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა