მთავრობამ ყველა ჟურნალისტის და აქტივისტის წინააღმდეგ თავდასხმა უნდა გამოიძიოს. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე - მეთიუ ბრაიზა

მთავრობამ ყველა ჟურნალისტის და აქტივისტის წინააღმდეგ თავდასხმა უნდა გამოიძიოს. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან დამწუხრებული ვარ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ასევე ღმრმად შეშფოთებული ვარ ლგბტ თემის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო. ისინი იყენებდნენ დემოკრატიულ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას. მე როდესაც ვმუშაობდი თეთრ სახლში, ბუშის ადმინისტრაციის დროს, მთავარი საკითხი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ მოახდინა, აშშ-ის გადმოსახედიდან, ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების პროტესტი ქუჩებში და დემოკრატიული უფლების განხორციელება. ახლაც ასეთი სიტუაციაა. როდესაც საქართველოს მთავრობა ვინმეს აძლევს შესაძლებლობას, შელახოს ადამიანის უფლებები, და არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, ესაა „გეი აღლუმი“ თუ სხვა დემოკრატიული საკითხი, ეს სახიფათო სიტუაციისა და ძალიან დიდი სოციალური აღშფოთების საფუძველია.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ: პირველ რიგში, გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფა, მთავრობის მტკიცება, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ნარკოტიკულ ნივთიერებასთან იყოს კავშირში, ძალიან საეჭვოა. ნდობის აღსადგენად, მთავრობამ ყველა ჟურნალისტის და აქტივისტის წინააღმდეგ თავდასხმა უნდა გამოიძიოს, რადგან ასეთი სახის თავდასხმა, დემოკრატიული უფლების გამოყენების დროს, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ვლოცულობ, რომ საქართველოს მთავრობამ სიტუაციის კონტროლი მოახდინოს და პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებზე თავდასხმა გამოიძიოს“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

ცნობისთვის, ,,ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სასტიკად სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. ამის შემდეგ თბილისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და პასუხისმგებლობა პირადად პრემიერ-მინისტრს დააკისრეს, რადგან მათი შეფასებით, სწორედ მან წაახალისა ძალადობა 5 ივლისს.

მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებით, კიდევ ერთი აქცია დღეს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

საელჩოები: ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას

„ტვ პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ორ ბრალდებულებულს პატიმრობა შეეფარდა

მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დროს