შარლ მიშელი: კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული

,,მე განვსაზღვრე და ხაზი გავუსვი ჩემს შეხვედრებში დღეს, რომ მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზით იმყოფება.

მისივე თქმით, უმცირესობების უფლებები მარგინალური საკითხი არ არის.

„პატივისცემა მრავალფეროვენებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება