ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის დაზიანებაზე, სავარაუდოდ სანქციები დაწესდება. ეს საკითხი დღეს პარლამენტში, სპიკერ კახა კუჭავასა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისაუბრეს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმად, ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის დაზიანებაზე სანქციები დაწესდება.
„ჩვენ განვიხილეთ პარლამენტის სპიკერთან საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა 2-ჯერ, როცა ევროკავშირის დროშა შეურაცხყოფილი და გათელილი იყო. ეს არის სამარცხვინო ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეისათვის არსებობს სასჯელები როცა ქართული სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა ხდება, არსებობს ინიციატივა, საკანონმდებლო საფუძველზე შემოიღონ მსგავსი სანქცია იმ შემთხვევაშიც, თუ მოხდება ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა", - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, განიხილება 1 000 ლარიანი ჯარიმა. მისივე თქმით, იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა, ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენონ.
„საუბარია 1000-ლარიან ჯარიმაზე, ჯერ არ არის საბოლოო სახით კანონპროექტი წარმოდგენილი, ასევე შესაძლებელია, იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა მოსამართლის გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, რომ ამგვარი ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვა დროს, როცა სახელმწიფო ვერ დაიცავს სახელმწიფო სიმბოლიკას და მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დროშას სახელმწიფო შენობების წინ, არსებობდეს კონკრეტული ჯარიმა, იქნება ეს ფულადი სახით პირველ შემთხვევაში, თუ განმეორებით შემთხვევაში, მოსამართლის მხრიდან იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა", - განაცხადა აქუბარდიამ.
ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.
"ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებ, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ამ იაფფასიან სვლაში, ვითომ რაღაცა გააკეთეს, მაშინ როცა თანაშემოქმედები არიან, ამ სვლაში, რომელიც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან მხოლოდ ერთი ჯგუფის თავისუფლება არ არსებობს, ყველას თავისუფლება არსებობს ან არ არსებობს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას, დროზე მოეგონ გონს...
სიმბოლოების მიმართ პატივისცემა, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის დროშის მიმართ, იმიტომ კი არ უნდა არსებობდეს, რომ ვინმეს დასჯის უნდა ეშინოდეს, არამედ ადამიანებისა და მოქალაქეების არჩევანი უნდა იყოს, რაც არის კიდევაც ასე. ვინც ამას უპირისპირდება, ის არის მავნე და ჩვენთვის უნდა იყოს შერცხვენის და პოლიტიკური და მორალური იზოლაციის მაგალითი, ვგულისხმობ იმას, ვინც თავს დაესხა.
როცა ვიწყებთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, მაშინ პუტინისტების და მოძალადეების ლოგიკით ვმოქმედებთ, რომ უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს რომელი სიმბოლო მოგვწონს და რომელი არა, რა არის მართალი და რა არა, მაშინ ამერიკის დროშიც დაზიანებაც დასჯადი უნდა იყოს, რაც ამერიკაშიც არ არის? ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომ დროშა უნდა იცავდეს იმათაც კი, ვინც მას პატივს არ სცემს, იმიტომ, რომ ეგ არის თავისუფლების "მუღამი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, 12 ივლისს, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, მათ შორის ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის არჩევანს და კონსტიტუციით არის განსაზღვრული".
შეგახსნებთ, რომ ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.
კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა