აშშ: სასამართლო რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას

სახელმწიფო დეპარტამენტშის ანგარიშში, რომელიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს ეხება, საქართველოს მთავრობის მიერ, ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან კონტრაქტის შეწყვეტის საკითხიც მოხვდა.

როგორც ტექსტშია აღნიშნული, მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ინვესტორებს და ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებს ამაში ეჭვი შეაქვთ.

მთავრობამ ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან, რომელთა შორის ამერიკული კომპანიაც იყო, 2016 წელს კონტრაქტი დადო, თუმცა 2020 წელს, ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შესახებ კონტრაქტი შეწყვიტა. ინვესტორთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ მთავრობის ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო პროექტის წინააღმდეგ, შექმნა ფინანსური სირთულეები და გამოიწვია კონტრაქტის საბოლოო გაწყვეტა. მიუხედავად მთავრობის მიერ მტკიცებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთგულია, ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესლიდერები ამას ეჭქვეშ აყენებენ.

პარალელურად, ლოგისტიკურმა და პორტების მმართველმა კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს ლოგისტიკური კომპანიები დაასრულებენ ორი ახალი ტერმინალის პროექტს და მესამე კი, მულტიმოდალური ტერმინალი ბათუმში კვლავ მშენებლობის პროცესში იქნება", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

„შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს.

ასევე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „რესპუბლიკელმა“ სენატორმა რობ პორტმანმა ხაზი გაუსვა უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიციის წახალისების მნიშვნელობას საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში.

ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა“, - აღნიშნა რობ პორტმანმა Europetime-თან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში ასევე ამახვილებს ყურადღებას სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორისთვის.

„საერთო ჯამში, ბიზნესის და ინვესტიციისთვის გარემო ჯანსაღია. მიუხედავად ამისა, არსებობს მზარდი ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობიადმი, რომელიც განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად, ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთ ასეთ საქმეზე სასამართლო სისტემა წლების განმავლობაში იწელება.

სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობაზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონების და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ასევე ხაზი გაუსვა სასამართლო რეფორმის მნიშვნელობას, რათა ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან.

„ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.

სასამართლო სისტემის მიმართ ინვესტორების მხრიდან გამოთქმულ შეშფოთებაზე გაამახვილა ყურადღება Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „რესპუბლიკელმა“ სენატორმა რობ პორტმანმა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ განახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს“, - აღნიშნა რობ პორტმანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე ანგარიში გამოაქვეყნა