ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის Nord Stream-2-ის გაზსადენის შესახებ შეთანხმებას შეცდომას უწოდებს.
მინისტრის თქმით, გაზსადენის ფუნქციონირების დაწყების პირობა შეიძლება უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანა ან უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების აშკარა პერსპექტივა ყოფილიყო.
„ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება. ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობებს ვხედავ, თუ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შესთავაზებდნენ ან თუ გაზსადენის გახსნას გამოიყენებდნენ როგორც ბერკეტს, რათა რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოეთხოვათ", - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი გაზსადენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის „უზარმაზარი გამარჯვებაა“.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის შესახებ შეთანხმებას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოეხმაურა. ის მიესალმება მიღწეულ შეთანხმებას. მერკელი არ მიიჩნევს, რომ გაზსადენზე აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარია.
გერმანიის კანცლერის თქმით, აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება არ ცხადყოფს იმას, რომ ბერლინისთვის რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა და პოლონეთი. ასევე კანცლერმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესდეს, თუკი უკრაინის როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
„მნიშვნელოვანია პროექტზე კომპრომისის გამონახვა. ვფიქრობ, რომ აშშ-ისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება, თუ ძირითადი ამოცანები სწორად განიასაზღვრება, ეს უკრაინისთვისაც კარგი იქნება... რუსულმა მხარემ მითხრა, რომ მათ ენერგიის იარაღად გამოყენება არ სურთ. ჩვენ არ ვართ დაუცველები", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ცნობისთვის, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ჯო ბაიდენი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერება შეუძლებელი იყო