უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს.
დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა.
ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1 მაისს,
მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია.
დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო.
მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია: სახელი, მამის სახელი. ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი)
მიხეილ საბას ძე.
დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია.
დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა.
მშობლები: გარდაცვლილი
ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი
სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი
და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა.
აღმსარებლობა: მართლმადიდებელი
სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი
განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი,
იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები.
სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი
ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით
ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინაამდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას.
დგომა: წელში მოხრილი
სიარული: ჩქარი
მშობლიური ენა: ქართული
ხმა: ხმადაბალი ტენორი
ჩვევა: პენსნეს ტარება
ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის
დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი
აღნაგობა: გამხდარი, საშუალო
თმა: შავი, სწორი
წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი
სახე: ფერმკრთალი
სახის გამომეტყველება: ეშმაკური
ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები.
ასე ახასიათებდა მეფის ჟანდარმერიის საიდუმლო სამსახური ,,კვაჭი კვაჭანტირაძე“-ის „ჯაყოს ხიზნები“-ს „არსენა მარაბდელი“-ს „თეთრი საყელო“, - ს ავტორს და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს.ის ემსხვერპლა საბჭოთა იდეოლოგიასთან ბრძოლას,სტალინის პერიოდის რეპრესიების დროს, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
გამოყენებულია ეროვნული არქივის მასალები