ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. დღეს ეს კრამონის პირველი შეხვედრა არ არის ოპოზიციასთან. ის დღის პირველ ნახევარ ნახევარში პარტია ,,ლელოს" ფრაქციის წარმომადგენლებსა და ასევე გიორგი გახარიას პარტიის წევრებს შეხვდა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მრავალპარტიული შეთანხმებიდან უკან დაეხია.
მისი თქმით, მრავალპარტიული შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი პარტია ვერ გადაწყვეტს, რომ ,,დოკუმენტი ამოწურულია".
,,მე მქონდა გეგმები, ვიდრე გუშინ აღმოვაჩენდი, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გადაწყვიტა, შეთანხმებიდან უკან დაეხია, რომელიც მრავალპარტიულია და მხოლოდ ერთი პარტია ვერ გადაწყვეტს, ის დაასრულოს და თქვას, რომ დოკუმენტი ამოუწურულია.
არანაირი მისია არ მაქვს, გარდა ჟან-მონეს დიალოგისა, თუმცა ამ ახალ სიტუაციაში, როდესაც მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ ხედავს ამ ქვეყნის საპარლამენტო მომავალს, ეს მართლაც ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ყველა ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომაც ვცდილობ, ადგილზევე გავარკვიო სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთან, რა შეგვიძლია გავაკეთოთ.
ძალიან ნათელია, რას განვიხილავთ, კერძოდ, რა გზას ადგას საქართველო, რა მიმართულებით მიდის, ეს მართლაც რუსეთის გზაა, თუ ჯერ კიდევ ევროპული და როგორ გამოიყურება ევროპული გზა, თუ შიდა პოლიტიკა ამ მომენტში ასე თავდაყირა დგას. რაც ახლა ხდება, ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს და სამწუხაროა, მართლაც ღრმად ვარ შეშფოთებული", - განაცხადა კრამონმა.
ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ვიოლა ფონ კრამონი ხელმძღვანელობდა. ის ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგა სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომლის მიზანიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად მუშაობა იყო.
24 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა. როგორც განცხადებაშია იყო აღნიშნული ლექსმანი და კალიურანდი, გერმანელ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან ერთად ხელს შეუწყობენ დიალოგს და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
კრამონი სწორედ ამ მანდატის ფარგლებში აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას.
ვიოლა ფონ კრამონი 19 აპრილის შეთანხმებაზე სასაუბროდ გახარიას გუნდის წევრებს შეხვდა
ვიოლა ფონ კრამონი: ველოდებით შარლ მიშელის განცხადებას, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ინიციატორია
ევროპარლამენტარი კრამონი საქართველოშია