,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები, ,,რეპუბლიკელი" ადამ კიზინგერი და ,,დემოკრატი" ჯერი კონოლი ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„დღევანდელი სიახლე, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გადის, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს იმ მიმდინარე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიის წინაშე დგას.
ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ მოვლენათა მსგავსი განვითარებით და ასევე, ოპოზიციური პარტიების უარით, შეერთებოდნენ შეთანხმებას და ზოგადად, პოლიტიკურ პოლარიზებით თბილისში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადადგან ნაბიჯი უკან, გადახედონ თავიანთ პრიორიტეტებს და ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად.
მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება, გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. ისინი, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, თამამდებიან, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და კონსპირაციებს ავრცელებენ. ჩვენ მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, როგორც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, – ნათქვამია კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.
ცნობისთვის, 28 ივლისს,, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით