საბერძნეთში მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაზეც იქნება შესაძლებელი. ეს საკითხი საქართველოს ელჩის დავით დონდუასა და საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე იოანის კეფალოიანისს შორის შეხვედრაზე განიხილეს.
ამასთან, მხარეებმა ორი ქვეყნის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შეთანხმებისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის კვოტის გაზრდის საკითხები განიხილეს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2021 წლის სექტემბერში, როდესაც ბერძნული მხარე დაამტკიცებს ახალ კანონს მართვის მოწმობებთან დაკავშირებით და დაიბეჭდება ახალი სახელმძღვანელო, ქართულ მხარეს მიეწოდება შესაბამისი სახელმძღვანელო სათარგმნელად, რომლის დახმარებითაც შემდგომში მსურველებს საშუალება ექნებათ, ქართულ ენაზე ჩააბარონ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა.
პარალელურად წარმოებს მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების თაობაზე. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების ტექსტის განხილვა, რომლის შეთანხმება ახლო მომავალში არის ნავარაუდევი. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის კვოტის გაზრდის საკითხი, რაც ქართულ გადამზიდავ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, მეტი სატვირთო გადაზიდვა განახორციელონ ორ ქვეყანას შორის.
მიღწეულია შეთანხმება, რომ ახლო მომავალში გაიმართოს ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც მიღწეული იქნება შეთანხმება ზემოხსენებული კვოტის გაზრდასთან დაკავშირებით და ხელი მოეწერება აღნიშნულ შეთანხმებას.