ინფექციონისტი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი Europetime-თან განმარტავს, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის პარალელურად დასვენების მსურველებმა.
ბუწაშვილის განცხადებით, უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ დასასვენებელ სივრცეებს და უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ აგარაკებსა და სოფლებს, სადაც ხალხმრავლობა არ არის.
მისი თქმით, აუცილებელია დისტანციის დაცვა, ასევე ოქროს წესად რჩება ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბუწაშვილის განცხადებით, ვაქცინირებულების პროცენტული რაოდენობა მცირეა და ილუზიაა იმის წარმოდგენა, რომ ახლა ვაქცინირებულების რაოდენობა გავლენას იქონიებს ამ სეზონზე პანდემიაზე.
,,კოვიდთან დაკავშირებით, პირველ რიგში მთავარი არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად წავიდეთ ხალხმრავალ ადგილასა და კურორტებზე.
ვისაც შესაძლებლობა აქვს ვთქვათ, იზოლირებული აგარაკისა ან სოფლისა, არჩევანი უნდა გააკეთონ ამის სასარგებლოდ, ვიდრე ხალხმრავალი კურორტების, იმიტომ, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევების აღმავლობა ძალიან სწრაფია და ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს.
მეორე საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეში კოვიდრეგულაცია აღარ არსებობს პირბადის ტარებისა, თუ ადამიანი ხედავს, რომ ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს და თუნდაც რამდენიმე მაინც, თავისი ინიციატივით უნდა გამოიყენოს პირბადე. ჰიგიენა და ხელის დაბანა ოქროს სტანდარტებად რჩება.
თუ რამდენიმე ადამიანი იკრიბება, დისტანციის დაცვა ჩვევაში უნდა ჰქონდეთ, რომ მანძილი დაიცვან სხვა ადამიანებისგან. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი რეკომენდაციაა.
თუ ვაქცინაციაზე ვილაპარაკებთ, ახლა აცრა, ამ სეზონზე, სამწუხაროდ, ინფექციის პრევენციისთვის ამ კონკრეტულ თითოეულ ადამიანს ვერ მოუსწრებს, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ შემოდგომაც, სავარაუდოდ, მძიმე გვექნება და მოსამზადებლად ვაქცინაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში (რამდენი ადამიანიც შესაძლებელია ცხადია) ეს პროცესი პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმდენად პატარა პროცენტია აცრილების, რომ ამ სეზონზე იმის ილუზია, რომ იმდენი ადამიანი აიცრება, ეს პანდემიას რაიმე სიკეთეს შეატყობს, სამწუხაროდ, ესე არ იქნება.
რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მართალია, ჩვენ უკვე დავრწმუნდით პანდემიის მიმდინარეობისას, რომ ზედაპირებით ნაკლებად გადამდებია კოვიდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჰიგიენური ნორმები მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მარტო კოვიდი არ არის ჩვენს გარშემო და ბევრი მაგალითად, დიარეული დაავადებების აფეთქებები გვაქვს ხოლმე კურორტებზე", - განაცხადა ბუწაშვილმა.
ინფექციონისტი: რეგულაციები ფორმალობად გადაიქცა და ადამიანები მას აღარ იცავენ