"ეპიდსიტუაცია გვაქვს სერიოზულად გაუარესებული, რისკები რა თქმა უნდა ძალიან მაღალია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, აქედან გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი - ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები მკაცრად, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია და პირბადე ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
"გეუბნებით, მაინც და მაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს?! გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ შენობებში. იქ, სადაც ღია სივრცეში ვიკრიბებით ხუთი ადამიანი ერთად, გვქონდეს ყველას პირბადე. კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როდესაც ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე წრეს აკეთებთ ან კუს ტბაზე, ნუ გექნებათ იქ, მაგრამ თუ 5, 7, 8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. გეუბნებით, რომ ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის და მეორე - გავაინტენსიფიციროთ, ავედით ხომ 20 000-ზე. არ არის საკმარისი 20 000, გეუბნებით. გვინდა 25 000, კიდევ უკეთესი იქნება დღეში 30 000.", - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბრის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების შემთხვევაში ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია. ამ მიზნის მისაღწევად კი მიმდინარე სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 25 000-დან 30 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას.
"საუკეთესო იქნება, თუ ავედით 31 000, 32 000, ან 33 000 აცრამდე, მაგრამ კარგი იქნება, თუ საშუალოდ ავალთ 25 000 - 26 000 აცრამდე დღის განმავლობაში. ეს მიღწევადია, ამიტომაც ვამბობთ, რომ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ამ თვალსაზრისით არის კრიტიკული და თუ ჩვენ გავაკეთებთ და მივაღწევთ ამას, რომ დღეში გვექნება 25-დან 30 000-მდე აცრა ამ 3 თვის განმავლობაში, ეპიდემიას შევაჩერებთ სერიოზულად და დავაგდებთ სერიოზულად ეპიდემიის განვითარების ტემპს", - განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 3 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 000-ზე მეტია