Europetime-მა ევროპარლამენტარ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვასთან ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. ჩეხმა პოლიტიკოსმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესები შეაფასა და პოლიტიკურ აქტორებს მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას წინ უძღვის მისი კოლეგების გაფრთხილება მიკროფინანსური ტრანშის შესაძლო შეჩერებაზე.
„პროცედურებსა და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მარკეტა გრეგორევა გახლავთ ამაზე პასუხისმგებელი, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა აშშ-სთან“, - ეს განცხადება ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე 30 ივლისს გააკეთა. Europetime-მა მარკეტა გრეგორევას ამ საკითხზეც დაუსვა შეკითხვები.
_როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე და მის გავლენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე?
ეს ძალიან სამწუხაროა. არ მინდა, მკაცრი ვიყო, თუმცა გულწრფელად აღვნიშნავ, ბატონი შარლ მიშელი ბათუმში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მთელ დროს უთმობდა ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ევროკავშირისთვის სახეში სილის გაწვნას გავს, რადგან ეს ითვლება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებად, ამიტომ, მისი გაუქმება აჩვენებს, რას ფიქრობს „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს.
_თქვენმა კოლეგამაც აღნიშნა თბილისში ვიზიტისას, რომ ევროპარლამენტში, სერიოზულად ფიქრობენ მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე. ასევე გვახსოვს ევროკომისიის განცხადებაც. ამ მიმართულებით თავად მუშაობთ და რა შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამ საკითხზე და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.
რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა და მიკროსაფინანსო დახმარება აშკარად ერთ -ერთი მათგანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ხორციელდება ევროკავშირის სტანდარტული საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში. ასე რომ, ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ, ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდება და როდესაც საკანონმდებლო პროცედურა იწყება, ჩვენ შეგვიძლია როგორღაც ის სისრულეში მოვიყვანოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.
რა თქმა უნდა, ეს არის კომისიასა და საბჭოს შორის განსახილველი საკითხი. პრობლემა ის არის, რომ საბჭოს და კომისიის თანამშრომლების უმრავლესობა ახლა შვებულებაშია, რადგან აგვისტოს განმავლობაში ევროკავშირის ინსტიტუტები შვებულებაში არიან. ასე რომ, ეს ართულებს სწრაფ რეაქციას. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მათთან კონტაქტს და ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება ძლიერი რეაქცია ევროკავშირისგან. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სასარგებლო იქნება შექმნილ ვითარებისთვის, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ეს მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ ვისურვებ.
_უკვე მოვისმინეთ მმართველი პარტიის განცხადებებიც, რომ არ აპირებენ გადაწყვეტილების გადახედვას.
ამ შემთხვევაში, საჭიროა პასუხი ევროკავშირიდან. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც მაშინ გამოიყენება, როდესაც ეს მოსახერხებელია.
_როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებების სინქრონიაზაცია მოხდება აშშ-სთან, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები?
ვნახე მათი განცხადებები, აშშ რეალურად უფრო იმედგაცრუებული და გაბრაზებულია. დიახ, მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტებსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ვერ გეტყვით, რა იქნება შედეგი, რადგან მათ ჯერ თავადაც არ იციან ეს შედეგი. მაგრამ თანამშრომლობით, ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ვერ ვაიძულებთ საქართველოს, თუ მთავრობა ამას არ მოისურვებს. ასე რომ, საჭიროა, არსებობდეს ორმხრივი ან სამმხრივი ნება სიტუაციის შესაცვლელად.
_ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური აქტორებისადმი თქვენი რჩევა რა იქნებოდა?
დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ქმნის უფრო მეტ პრობლემას და განხეთქილებას. ვფიქრობ, რომ მათ უნდა გადალახონ ეს პრობლემა, რადგან ეს არ ეხებათ მხოლოდ მათ, ეს ეხება ქვეყანას და მათ მოქალაქებს. ისინი უნდა დასხდნენ ერთ მაგიდასთან („ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა სხვა) და შეთანხმდნენ, რაც დაეხმარება ქვეყნის სტაბილურობას, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვწონს პანდემიურ ვითარებაში ცხოვრება, პრობლემები, და უკვე არსებობს სხვა პრობლემები დემოკრატიული სისტემის არსებობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს.
_როგორ უყურებთ 2024 წლის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის პერსპექტივას არსებული ვითარებიდან გამომდინარეც, როდესაც გვესმის ევროპარლამენტარების მხრიდან განცხადება, ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, ვიდრე ეს იყო თუნდაც 3 თვის წინ.
შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც შეიცვალა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფიქრობენ მთავრობა და პოლიტიკური აქტორები ევროკავშირსა და ევროპაზე. ასე რომ, ალბათ ამის თქმა ძნელი იქნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მთავრობა განაცხადით მოითხოვოს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვფიქრობ, გულწრფელი ამბიცია არ არის. შეიძლება, არ ვარ მართალი და გამიხარდება, რომ არ ვიყო მართალი, მაგრამ ჯერჯერობით ასე ჩანს. ეს არის ქაღალდზე, მაგრამ არ ჩანს მათ ქმედებებში. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე არის სამი წელი. ასე რომ, შეიძლება შეიცვალოს ვითარება, ჩვენ ვნახეთ, რომ მოვლენები სულ რაღაც რამდენიმე თვეში იცვლება. მაგრამ პოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს, რომ ევროკავშირმა რეალურად დაიჯეროს, რომ მათ გულწრფელად სურთ, შეუერთდნენ ევროკავშირს.