ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიიწვიონ

საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწვევა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს. ამის შესახებ ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Euobserver-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანთან უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს.

„უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ალიანსი თურქეთთან და ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის აშშ-ის საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურის ჩათვლით“, - წერს ბენ ჰოჯესი.

„ეს იქნება კრემლისთვის გზავნილი, რომ ეს რეგიონი ჩვენი სტრატეგიული ინტერესის სფეროა, დასავლეთმა უნდა დაიცვას სამხრეთ კავკასია ვიდრე ჯერ კიდევ შესაძლებელია დიდი კონფლიქტის თავიდან აცილება“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

„გასულ კვირას თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, დროებით შეწყდა სისხლიანი ომი, რამაც ყარაბაღისთვბის უფრო ნათელი მომავლის იმედი გააჩინა. ამ შეთანხმების თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელები რეგიონში სულ მცირე ხუთი წლით განთავსდებიან. მოსკოვს ახლა ჯარები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში - საქართველოში (მისი სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპირებულია 2008 წლიდან), სომხეთსა (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილი ბაზები) და ახლა აზერბაიჯანში ჰყავს განთავსებული“, - წერს ბენ ჰოჯესი.

ბენ ჰოჯესმა „ევროპათაიმთან“ ინტერვიუში გამოთქვა იმედი, რომ აშშ გაზრდის საქართველოში ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით.