დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 11 აგვისტო ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია 2008 წლის ომიდან. ამ ბრძოლაში სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი, რომლებმაც თავგანწირვის და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს, გმირულად დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ალეკო ონიანმა, თავის დაჭრილ ნათლულ, რომან ზოიძესთან ერთად, თავი აიფეთქა, მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა. ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია, ლევან მელქაძე და შმაგი კუპატაძე პირველივე დარტყმის დროს დაკარგეს. 5 ჯარისკაცი კოლონის პირველივე მანქანაში მოკლა მტერმა, დანარჩენები თითქმის საათი და 20 წუთი განუწყვეტლივ უტევდნენ ოკუპანტებს. მტერს ეგონა, ბატალიონი თუ არა, ასეული ებრძოდა.
არქივი შინდისის გმირების ისტორიას ინახავს:
„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს.
„მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი", - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა“ მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.
მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო“. ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.
აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა", - კბილებში გამოცრა თურმე გმირმა.
„ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდა იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა", - ჰყვებიან შინდისელები.
10 აგვისტოს, მიხეილ დვალიშვილმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ". 21 წლის იყო მიხეილ დვალიშვილი მის ერთ-ერთ ლექსში ის ამბობს:
„რა გავაკეთეთ ამ ქვეყანაზე? არაფერი და ამ არაფერს ცხოვრება გვიშლის“. 21 წლის ბიჭს რა უნდა მოესწრო? რუსლან წულაძე შესანიშნავად ხატავდა თურმე, სულ ტანკები და ბრძოლის სცენები ჰქონია დახატული. ბავშვობიდანვე ამბობდა, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე და ომში მოვკვდეო; მის რუს დედას, ქალბატონ ლიდიას, თურმე ხშირად აშინებდა უცნაური ლაპარაკით, - დედა, შენ საქართველოში იმიტომ ჩამოხვედი, რომ მე გაგეჩინე, გაგეზარდე, მერე კი მე ომში მომკლავენო.
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები, ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს", - ამ ლექსის ავტორიც მიხეილ დვალიშვილია. ის დაჯილდოებულია მხედრული მამაცობისთვის. მიხეილ დვალიშვილი ვანში, სოფელ მუქედში დაიბადა. მისი სახელი იმ ქუჩას ეწოდა, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ აისრულა.
„თუ გადავხედავთ საქართველოს უმდიდრეს წარსულს, ქვეყნის აწმყოზე ბევრი კითხვა დაგვებადება, რად გაღარიბდა საქართველო, მისი მთა-ბარი, მის მთლიანობას საზღვრის ბზარი რად ეკადრება?“ - მიხეილ დვალიშვილი
„17 აგვისტომდე არ ვიცოდი, რომ დაღუპული იყო. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომ მისი საფლავი მაქვს დღეს. მუხათგვერდში, თავის ძმებთან ერთადაა……აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, სახლში იყო ჩამოსული_ უცნაური მომეჩვენა_ძალიან თბილი, მოსიყვარულე ბიჭი იყო, მაგრამ იმ დღეს ყველას განსაკუთრებული სითბოთი გვექცეოდა… ერთ საღამოს მთხოვა, დედი, ამაღამ იავნანა მიმღერე ისე, როგორც ბავშვობაშიო… გაოცებულმა შევხედე, შევცბი.. ტანში საშინელი სიცივე ვიგრძენი, აუხსნელმა შიშმა შემიპყრო… ვუმღერე იავნანა.. იმ დღის მერე ჩემი შვილი ცოცხალი აღარ მინახავს… არც სხეული გამთბობია’’.... ამბობს მარო ზოიძე, შინდისელი გმირის, რომან ზოიძის დედა.
სტატიაში გამოყენებულია კვირის პალიტრის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მასალები