ჯანდაცვის სამინისტრო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით კვირის ბოლოს მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.
„დღეს ოთხშაბათია, შესაბამისად, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირების კუთხით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება.
დღეს კორონავირუსი კიდევ 5352 ადამიანს დაუდასტურდა, 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა.