დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანს შეადგენს.
„ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ჩემი კოლეგებია. პირველ რიგში, ალბათ ყველგან სამედიცინო პერსონალი აიცრება. იგივე აშშ-ც სამედიცინო პერსონალით იწყებს, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ - ექიმები. იგივეა გრიპის ვაქცინაციის პროცესში, რისკ-ჯგუფი სამედიცინო პერსონალია და ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 30 ათასი სამედიცინო პერსონალი აიცრა. მეორე რისკ ჯგუფი ის ხანდაზმულები იქნებიან, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვთ. ასევე განიხილება ისეთი რისკ ჯგუფები, როგორიცაა მოხუცთა სახლებში და თავშესაფრებში მყოფი პირები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიას მოლაპარაკება, რათა ქვეყანა ვაქცინისათვის საჭირო სამაცივრე დანადგარებით აღიჭურვოს.
„ვაქცინა ორჯერადად, სამი-ოთხი კვირის გამოშვებით კეთდება. ამიტომ საჭიროა მილიონ 400 ათასი დოზა. წინასწარი გაანგარიშებით, კოვაქს-პლატფორმის საშუალებით, ეს 17 მილიონ დოლარამდე ჯდება. 4-მილიონი დოლარი წინასწარ შენატანის სახით უკვე გადარიცხულია და როგორც კი, ვაქცინას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაამტკიცებს, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასევე ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე - არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან. ქვეყანას შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, როცა კომპანიასთან არა საერთაშორისო ორგანიზაციებით, არამედ პირდაპირ გადიხარ. ვმუშობთ, რომ ის საქართველოში ადმიანებისთვის ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე გახდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.