Europetime-მა ექსკლუზიურად ჩაწერა ქართველი მეცნიერ-იმუნოლოგი ნატო ტეტელოშვილი, რომელიც ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში აუტოიმუნური დაავადებების და პირველი ტიპის დიაბეტის მიმართულებით მუშაობს. ქართველმა მკვლევარმა სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში დაამთავრა და სამეცნიერო ხაზით მოღვაწეობა ნიუ-იორკში განაგრძო.
რა სიახლეები შეიძლება გაჩნდეს დიაბეტის მკურნალობის ტაქტიკაში და ჩანაცვლდება თუ არა ინსულინი, ამ საკითხების გარდა ქართველი მეცნიერ-იმუნოლოგი ასევე საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობასა და კორონავირუსულ პანდემიაზე.
Europetime კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველ მეცნიერ-იმუნოლოგ ნატო ტეტელოშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ:
ნატო ტეტელოშვილი: შევისწავლი აუტოიმუნური დაავადების მექანიზმებსა და გენეტიკურ კომპონენტებს. ასევე ვცდილობ, დავნერგო პლატფორმა, სადაც უფრო ღრმად შევისწავლი ამ მექანიზმებს, მაგალითად იმას, თუ რატომ ვითარდება პირველი ტიპის დიაბეტი და რა უდევს საფუძვლად აუტოიმუნურ დაავადებას.
ამისთვის ვიყენებ გენურ ინჟინერიას, სადაც ვახდენ გენების ისეთ მოდიფიცირებას, რომ შევისწავლო, რატომ ვითარდება აუტოიმუნური უჯრედები. ეს არის პრეკლინიკური კვლევები.
ვმუშაობ თაგვებზე და ასევე, ადამიანის ქსოვილებსა და უჯრედებზე. ვიწრო ინტერესის არჩევა გიწევს იმის მიხედვით, რა ინტერესი აქვს ლაბორატორიას. მე მეორე წელია, პირველი ტიპის დიაბეტის მიმართულებით ვმუშაობ, რომელიც მეხმარება კვლევების წარმართვაში, მაგრამ ჩემი ინტერესი სცდება პირველი ტიპის დიაბეტს და უფრო ფართოდ გადის აუტოიმუნურ დაავადებებზე იმიტომ, რომ ამ დაავადებებს აქვს საერთო მექანიზმები. ამიტომ არის, რომ დაავადებებს სხვადასხვა სახელი აქვს იმის მიხედვით, თუ სად ვითარდება, მაგრამ მექანიზმები არის ძალიან მსგავსი.
რატომ ვსწავლობ გენეტიკას. დაავადების განვითარების ორი კომპონენტი არსებობს. ერთი არის გარემო და მეორე - გენეტიკა. ორივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ რატომ ემართება ერთი და იგივე გარემოში ერთ ადამიანს დიაბეტი, მეორეს - რევმატიზმი, ან ერთს უვლინდება ნებისმიერი ალერგიული რეაქცია, მეორეს - არა? თითოეულ დაავადებას ახასიათებს თავისი გენეტიკური კომპონენტი. მე ვსწავლობ გენეტიკური კომპონენტების ფუნქციურ დატვირთვას ამა თუ იმ მექანიზმების განვითარებაში, რაც საფუძვლად უდევს დიაბეტს ან აუტოიმუნურ დაავადებას.
ხომ არ უნდა ველოდოთ რაიმე სიახლეს დიაბეტის მკურნალობის კუთხით - ბევრი რაღაც იცვლება, კვლევის შედეგები ძალიან დამაიმედებელია და ეს ეხება არამხოლოდ მკურნალობის ტაქტიკას, არამედ აუტოიმუნური დაავადების პრევენციის მეთოდებს. იმუნოთერაპია დღეს ფეხს იკიდებს და ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დარგია იმუნოლოგიაში, დაავადებების მართვაში.
ალბათ, მომავალში როგორც დიაბეტის, ასევე სხვა აუტოიმუნურ დაავადებებში, იმინოთერაპია და ვაქცინა უფრო მოიკიდებს ფეხს. ვაქცინებს ძალიან დამაიმედებელი შედეგები აქვს. ეს ყველაფერი პრეკლინიკურია, მაგრამ დღეს რასაც ბიოტექნოლოგია აკეთებს, მართლაც დიდი მიღწევაა.
მოსალოდნელია თუ არა ინსულინის ჩანაცვლება - ბევრი კვლევა ტარდება და ისეთი შედეგებია, რომლებიც იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ინსულინი ჩანაცვლდება. ზუსტად იმიტომ, რომ მუდმივად არ უმკურნალონ პაციენტს ინსულინით, ვაქცინის მსგავსი პრეპარატები მზადდება, სადაც ყველა ის კომპონენტი შევა, რომ ამ აუტოიმუნური უჯრედების „განათლება“ მოხდეს.
იმოქმედებს თუ არა ეს მათზე, ვისაც უკვე აქვს დიაბეტი - ამაზე პასუხის გაცემა რთულია, მაშინ, როცა არ ვიცი, რა მოხდება წლების შემდეგ. ძალიან რთულია იმ დაავადებების პრევენცია, როცა არ იცი, როდის რა ვითარდება, მაგრამ თუ ეს დაავადება ადრეულ ეტაპზე განვითარდა, შეიძლება, ასეთი ტიპის მკურნალობით პროგრესი შეჩერდეს და დაავადების სიმძიმე შენელდეს თუნდაც ვაქცინით. ამის მაგალითს ვხედავთ კორონავირუსის ვაქცინებზე, არცერთი ვაქცინა არ გვიცავს 100%-ით, მაგრამ გვიცავს დამძიმებისგან. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ისეთ ვაქცინას, რომელიც აბსოლუტურ პრევენციას მოგვცემს. ამას ალბათ, უფრო მეტი კვლევა, წლები დასჭირდება.
ვაქცინები
ზოგადად, მეცნიერები სკეპტიკურად უყურებდნენ RNM-ის პლატფორმას, რადგან ეს არის ნაკლებად მდგრადი, ვიდრე DNM-ის პლატფორმა. RNM-ის პლატფორმა არ იყო ასეთი გამოყენებადი კლინიკებსა და დიდი რაოდენობით ადამიანებში, რომლებიც ახლა იცრებიან, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროებამ მოიტანა.
სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ მეცნიერებს, მათ უნდა შეექმნათ რაღაც, რაც ამ პანდემიას გადაგვარჩენდა. ამაში არაფერი ტოქსიკური და უკუჩვენებითი არ არის, ხალხს ეშინია, რადგან ეს რაღაც ახალია მათთვის და ვერ ხვდებიან, რომ RNM-ი გარდაიქმნება DNM-ად თვითონ ორგანიზმში და ეს წარმოქმნის სპაიკ ცილის პროტეინს, რომელიც აუცილებელია ჩვენი იმუნური სისტემისთვის, რადგან ინფიცირების შემთხვევაში არ განვითარდეს ის სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივი ინფექციის დროს ვითარდება.
დღევანდელმა და გასული წლის კვლევებმა აჩვენეს, რომ ორივე პლატფორმა ერთნაირად უსაფრთხოა. შეიძლება, DNM-ის პლატფორმა კიდევ უსაფრთხო არ იყოს, ვიდრე RNM-ის, რადგან ჩვენ დავინახეთ Astrazeneca-ს მაგალითები, როცა გამოიწვია გართულება რამდენიმე ადამიანში, თუმცა ეს ახასიათებს მას და მეცნიერები მუშაობენ მიზეზის დასადგენად.
აშშ-ში არის უკვე საუბარი იმაზე, რომ Pfizer-ის და Modern-ას მესამე დოზით დაიწყონ იმუნიზაცია, რადგან ყველაზე მეტი ეფექტიანობა მათ აჩვენეს.
რამდენად განსხვავდება „ბუსტერ“ დოზა სხვა დოზებისგან არ ვიცი, ალბათ იქნება ძალიან მცირე მოდიფიკაცია, დიდი განსხვავება არ იქნება. ამ ვაქცინების ეფექტიანობა „დელტა“ შტამის მიმართ 60-80%-ია.
საქართველოში სამწუხაროდ, მასობრივად არ მიმდინარეობს ვაქცინაცია, 3% არაფერს ნიშნავს, რადგან გვყავს ბევრი აუცრელი. რეგულაციების დაწესება აუცილებელია. რასაც ვუყურებ, არ ხდება სავალდებულო რეგულაციების შემოღება.
ვაქცინაციაც მნიშვნელოვანია და რეგულაციების შემოღება. საქართველოში რომ ყოფილიყო იმ მასშტაბის ვაქცინაცია, როგორიც აშშ-ში, რეგულაციებზე ლაპარაკი არ დაგვჭირდებოდა და სიკვდილიანობაც ნაკლები იქნებოდა.
თუნდაც ახლა რომ დაიწყოს მასობრივად აცრა, ვაქცინაციას შორის ინტერვალს დრო ხომ სჭირდება. ამიტომ არის ლაპარაკი, რომ შემოდგომაზე შეიძლება დამატებითი ტალღა წამოვიდეს, რადგან ძალიან ცოტაა აცრილი.
მოვისმინე აზრიც, რომ აცრილებისთვის არ იყოს რეგულაციები და აუცრელებისთვის - იყოს. თუმცა საქართველოში უმრავლესობა აუცრელია და რეგულაციები გარდაუვალი იქნება. აცრა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. 16 წლამდელებში არ მიმდინარეობს მძიმე სიმპტომებით დაავადება, თუმცა ბავშვებს გავრცელება შეუძლიათ, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. თუ აცრილია ადამიანი, აღარ შეგეშინდება. შეიძლება, ვირუსი დაგემართოს, თუმცა მსუბუქად გადაიტანო ისე, რომ ვერ გაიგო.
ჩინური ვაქცინები
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის არის ვაქცინა. მთავარია, იყოს უსაფრთხო და აღიარებული ვაქცინა. ბევრს ვიცნობ, ვინც ჩინური ვაქცინით აიცრა. ზოგი აიცრა, რადგან შეეშინდა გვერდითი მოვლენების, რომლებიც მაგალითად Astrazeneca-ს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს კომპანია ერთ პლატფორმას იყენებს.
ჩინური ვაქცინა გვიან აღიარეს, რაშიც ჩართული იყო პოლიტიკური და არაპოლიტიკური მოვლენები. ჩინურმა ვაქცინამ პირველ ეტაპზე ვერ აჩვენა ისეთი ეფექტურობა, როგორიც Astrazeneca-ს დროს იყო. ამისთვის დასჭირდა ვაქცინის გაუმჯობესება, რამაც დამატებითი დრო წაიღო და სამწუხაროდ, გვიან აღიარეს, თუმცა ის რომ, ჯანმომ აღიარა და ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ძალიან ბევრს ნიშნავს. აუცრელობა დანაშაულად მიმაჩნია, ისევ აცრა სჯობს და 60 %-იანი ეფექტურობა, ვიდრე ნულპროცენტიანი დაცვა.
იმუნიტეტი და ანტისხეულები აცრის შემდეგ
მე არ ვურჩევდი აცრილებს, რომ „თავი გაიგიჟონ“, წავიდნენ და გაიკეთონ ყველა ანალიზი. ანტისხეულებით არ ჩნდება ზოგჯერ ისეთი ტიტრი, რომელსაც ადამიანი ელოდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუცველია.
იმუნიტეტი არანაკლებ ძლიერი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ანტისხეულების წარმომქნელი B უჯრედები. უჯრედულში იგულისხმება ლიმფოციტები და T უჯრედები. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანტისხეული გექნება მაღალი ტიტრით თუ T უჯრედების მეხსიერება გექნება ხანგრძლივ ვადიანი.
ამ ყველაფერს დრო გამოცდის. დღემდე ხდება დაკვირვება მათზე, ვინც თავდაპირველად, Pfezer-ით და Moderna-თი აიცრა, იმუნიტეტი 5-6 თვემდე გრძელდება, მაგრამ ამას ანტისხეულებით ზომავდნენ და რთულია, განსაზღვრო უჯრედული იმუნიტეტი, ვიდრე ადამიანს არ დაემართება ინფექცია და არ ნახავენ, რა კლინიკური გამოხატულება აქვს.
ზოგს ჰგონია, როცა აიცრება, არც პირბადე სჭირდება და არაფერი, თუმცა განსაკუთრებით საშიშია ახალი შტამები და შეიძლება, დაავადების მიმდინარეობა არც თუ ისე მსუბუქი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ აცრილია. მაგალითად, აშშ-ში დაუბრუნდნენ რეგულაციებს, რადგან აცრილი ხალხი წავიდა ღონისძიებაზე, ხელმეორედ დაინფიცირდა და ზოგს მძიმე სიმპტომები ჰქონდა.
იყო ტეხასში შემთხვევაც, რომ 60 წლის ადამიანი, რომელიც აცრილი იყო, გარდაიცვალა. მას ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა, რაღაც ვერ ჰქონდა მწყობრში, მაგრამ აცრილი წავიდა და არ შეეშინდა. მერე გამომჟღავნდა, რომ „დელტა“ ვარიანტით იყო ინფიცირებული, მაშინ, როდესაც იგივე ქორწილიდან, სხვებმა შედარებით მსუბუქად გადაიტანეს.
ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პირველი დოზის შემდეგ, ადამიანი ფრთხილად იყოს, ვიდრე მეორე დოზას არ მიიღებს, რადგან ზოგჯერ უფრო მეტი დრო მიაქვს უჯრედული იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ამაშიც არის სადღაც გენეტიკური კომპონენტი.
ბუსტერ დოზა
იყო კვლევები და სავსებით მისაღებია ვაქცინების არევა. თუ პირველი ვაქცინა იყო ვთქვათ ჩინური და მერე Pfizer-ი, არ ნიშნავს, რომ არ იმოქმედებს, პირიქით, შეიძლება, უფრო მდგრადი იმუნიტეტიც იყოს.
თუ გექნებათ საშუალება და შემოვა ბუსტერ დოზები, მე ვიტყოდი, რომ აიცერით. მაგალითად, Moderna-ს მეორე დოზა პირველისგან განსხვავდებოდა, მეორე დოზაში ის ელემენტები, რომლებიც ჰქონდა პირველ დოზას, მოჭარბებული იყო, ან განსხვავებულად მოდიფიცირებული.
მეორე დოზა მძიმედ გადავიტანეთ არამხოლოდ მე, არამედ ჩემმა თანამშრომლებმაც, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, რაც არ შეედრებოდა Pfizer-ის მეორე დოზას. Pfizer-მა მერე დაიწყო ფიქრი „ბუსტერ“ დოზის შემუშავებაზე.
ბუსტერ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომია მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია. შეიძლება, თავდაპირველად არ აღიაროს ჯანმომ, რადგან ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, თუმცა აშშ-ში საუბარია, რომ უკვე სექტემბერში შემოიღონ „ბუსტერ“ დოზები. მსჯელობენ, რა ტიპის ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ეს დოზა.
პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება.
სამწუხაროდ, მოდის ცივი სეზონი, ჩვენ მოგვიწევს გრიპის ვაქცინის გაკეთება და მოვუწოდებდი საქართველოშიც, რომ გაიკეთონ, რადგან გრიპის ვირუსის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, კოვიდი შეიძლება ძალიან მძიმედ გადაიტანოს.
როცა იქნება შესაძლებლობა, ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზები, რადგან იმ მუტაციურ შტამებს, რომლებიც ახლა გამოჩნდა, არსებული ვაქცინები ნაკლებად ერევა და ამიტომ, “ბუსტერი„ მეტ ეფექტურობას სძენს.
ანტივაქსერები
ისინი ყოველთვის არსებობდნენ. მაშინაც, როდესაც გრიპის ვირუსზე იცრებოდნენ, ბევრი არ აიცრა. ბერვი სკეპტიკურად არის განწყობილი. ზოგს აქვს რელიგიუი მიზეზები, ზოგს - თავისებური, არ უნდა აცრა, ზოგს ჰგონია, რომ მის ირგვლივ თუ აიცრნენ, უკვე დაცულები იქნებიან. მე ვესაუბრე ჩემს მეგობრებს ევროპაში და ანტივაქსერების მოძრაობა ნაწილობრივ განპირობებულია იმ შეზღუდვებით, რასაც ქვეყანა ამ ხალხს უწესებს. ჰგონიათ, რომ ეს რაღაც დონეზე პოლიტიზებულია და საჭირო არ არის. ამას სჭირდება ხალხის ინფორემირება იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ არ აიცრებიან. მე თვითონ ახლა პატარას ველოდები. გაკეთებული მაქვს Moderna-ს ვაქცინა.
საქართველოშიც ძალიან ბევრი ანტივაქსერია სამწუხაროდ, და ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რაღაც ეშმაკისეული. მე მივესალმები ჩემს კოლეგებს, თანამშრომლებს, მეგობრებს, რომლებიც ეუბნებიან ხალხს, რომ არ არის საშიში ეს ვაქცინა არც ორსულებისთვის, არც განაყოფიერებისთვის, არც კაცებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაშინებულია და ინფორმაციას არ ფლობს.
მაგალითად აშშ-ში, მობილური აცრის მანქანები დადიან და ხალხს ქუჩაში ცრიან. კამპანიაა ასეთი, რომ ოღონდ მოდი და აიცერი და ბონუსები დაგერიცხება, მეტროს ბარათს მოგცემთ და ასე შემდეგ. თუმცა ასევე დაიწყო სავალდებულო აცრაც, მაგალითად, სამსახურში გამოგვიცხადეს, რომ ვისაც უნდა სამსახურში დაბრუნება, ყველა უნდა იყოს აცრილი, სპეციალური აპლიკაცია გვაქვს ტელეფონში, სადაც უნდა მიუთითო, ხარ თუ არა აცრილი. თუ აცრილი არ ხარ, მიზეზებიც უნდა მიუთითო, აქაც არ ხდება დაძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები იმასთან შედარებით, რაც გვქონდა.
სამი რეკომენდაცია
პირველ რიგში ვაქცინაცია, რადგან ვაქცინა გვიცავს. მეორე - რეგულაციების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა გვიცავს, ის, ვინც ჩვენს ირგვლივ არის აუცრელი, მაღალი რისკის ქვეშ არის. რას ვგულისხმობ რეგულაციებში - პირველ რიგში პირბადის ტარება და დისტანცირება, დანარჩენი სახელმწიფოზეა დამოკიდებული, რომ თავყრილობების (ქორწილები, ქელეხები) თავიდან აცილება მოხდეს. იმ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, კონცერტებს როგორ ატარებენ, არ ვიცი. ვისურვებდი, რომ ეს არ მოხდეს.
მესამე - ჯანმრთელობის გაფრთხილება და შეძლებისდაგვარად, რამე თუ გაწუხებთ, ექიმთან მიდით და გამოკვლევები ჩაიტარეთ. საქართველოში ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ საკუთარი თავი გამოიკვლიოს და დგება სამწუხარო რეალობის წინაშე, როცა კლინიკები გადატვირთულია კოვიდპაციენტებით, მძიმე პათოლოგიით ადამიანებს ვეღარ იღებენ და ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა.