NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ავღანეთში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული და არაპროგნოზირებადია.
როგორც სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქაბული დაეცა და „თალიბანმა“ კონტროლი აიღო ქვეყნის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე.
მისივე თქმით, NATO-ს სამოქალაქო პერსონალის 800-მდე წევრი ადგილზე რჩება ძირითადი ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
იენს სტოლტენბერგმა თალიბანი გააფრთხილა, რომ დაჯგუფებამ არ უნდა დაუშვას ავღანეთის კვლავ ქცევა ტერორიზმის აყვავების ადგილად.
„მათ, ვინც ახლა ძალაუფლებას იღებს ხელთ, პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საერთაშორისო ტერორისტებმა კვლავ არ მოიკიდონ ფეხი“, - განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ NATO-მ გაიყვანა ავღანეთიდან თავისი ძალები, ალიანსი მზად იქნება და თვალს მიადევნებს, ხომ არ მიმდინარეობს ტერორისტული გაერთიანებების გადაჯგუფება.
NATO-ს კვლავ აქვს სამხედრო ძალა, შორიდან დარტყმის განხორციელებისთვის“, - დაამატა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
,,ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბა ავღანეთის საკითხის განსახილველად. სიტუაცია უკიდურესად სერიოზული და არაპროგნოზირებადია. ქაბული დაეცა და „თალიბანმა„ აიღო კონტროლი ქვეყნის უმეტეს ნაწილზე.
ღრმად ვარ დამწუხრებული იმის ხილვით, რაც დღეს ავღანეთში ხდება. NATO ახლა ფოკუსირებულია პერსონალისა და იმ ავღანელების უსაფრთხო გაყვანაზე, ვინც ჩვენ გვეხმარებოდა. NATO მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, რათა ქაბულის აეროპორტმა ფუნქციონირება განაგრძოს.
NATO-ს ყურადღება ახლა გამახვილებულია მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების პერსონალისა და ავღანელების უსაფრთხო გაყვანის უზრუნველყოფაზე. NATO -ს სამოქალაქო პერსონალის 800-მდე წევრი ადგილზე რჩება ძირითადი ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ნება მომეცით ასევე მადლობა გადავუხადო NATO -ს მოკავშირეების სამხედრო ძალებს, კერძოდ თურქეთს, შეერთებულ შტატებს და გაერთიანებულ სამეფოს აეროპორტის უზრუნველყოფაში სასიცოცხლო როლისთვის.
აეროპორტში ოპერაციები ახლა თანდათან განახლდება. დღევანდელი შეხვედრის დროს, მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი აგზავნიან დამატებით თვითმფრინავებს.
ჩვენ ასევე შევინარჩუნეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა. ჩვენი უფროსი სამოქალაქო წარმომადგენელი ელჩი პონტეკორვო და მისი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობენ მოკავშირეებთან და დანარჩენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ევაკუაციის კოორდინაციისა და ხელშეწყობის მიზნით.
ჩვენ კვლავაც მზად ვართ, დავასრულოთ ევაკუაცია ავღანელი კოლეგების ჩათვლით, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ,,თალიბანმა" პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს მშვიდობიანად.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ,,მთავრობა, რომელიც არ სცემს პატივს ყველა ავღანელის ფუნდამენტურ უფლებებს და აღადგენს შიშის მმართველობას, საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დადგება.
აეროპორტი და სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები უნდა იყოს ღია. ყველა ავღანელი კაცი, ქალი და ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრებას. უნდა მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის. ადგილი არ უნდა ჰქონდეს შურისძიებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ავღანეთში განვითარებული მოვლენებიდან დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია.
„ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებდით საფრთხეს, რომ „თალიბანს“ შეუძლია, კვლავ აღადგინოს კონტროლი ავღანეთზე. ამის შესახებ მკაფიოდ განვაცხადეთ, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენი სამხედროები ავღანეთიდან გადიან. თუმცა სიურპრიზი იყო, თუ რა სისწრაფით და როგორ იოლად მოხდა ყოველივე. ცხადია, ჩვენ ავღანეთში ვიყავით 20 წლის განმავლობაში და მილიარდობით დოლარი დავაბანდეთ, ჩვენი სამხედროები კი, სიცოცხლეს წირავდნენ.
უნდა ვისწავლოთ ეს გაკვეთილები, რადგან უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. ასევე მოგვიწევს ღიად პასუხის გაცემა მთავარ კითხვაზე - რატომ მოხდა, რომ ძალებმა, რომლებსაც ჩვენ ვწვრთნიდით, შეიარაღებას ვაწვდიდით და მრავლი წელი ვუჭერდით მხარს, ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა „თალიბანს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ამავე თემაზე:
ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა