ახალი დეტალები ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე

საგარეო საქმეთა სამინისტრს ინფორმაციით, საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში, ცოტა ხნის წინ უნგრული ბორტით საქართველოში გამოემგზავრნენ.

,,საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე. ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოიყენებული.

მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრასნპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება.

საგარეო უწყება რჩება მუდმივ კავშირზე როგორც ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის მუდმივი კავშირი გვაქვს ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან უსაფრთხო ადგილას და თავს გრძნობენ დაცულად. ქართული მხარე მადლობას უხდის უნგრეთს საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უნგრელ კოლეგასთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

როდის შეძლებენ ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას

საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის