საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, მთავრობა ავღანეთიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცალკე ბორტს გააგზავნის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა.
„გუშინ დილით გვთხოვეს დახმარება, სამწუხაროდ, არ ვიცოდით მათი იქ არსებობა. დაგვირეკეს და გვთხოვეს დავხმარებოდით საქართველოში ჩამოყვანაში. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა. ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ საწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილები, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში. ამასთან ერთად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები, ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას უკვე ჩვენი ბორტით. ესენი არიან კერძო კონტრაქტორები დასაქმებულები არიან კერძო კომპანიაში. ესენი ყოფილი სამხედროები არიან და მუშაობენ კერძო კონტრაქტით. 17 კაცი დასაქმებულია კანადურ კომპანიაში, 6 - ამერიკულ კომპანიაში“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა
ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქაბულში კონტროლი დაამყარა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა.
გარდა უცხოელი მოქალაქეებისა, ქაბულის აეროპორტის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობაც. შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საელჩოს პერსონალი უკვე გაიყვანა.
ამავე თემაზე:
როდის შეძლებენ ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას
ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ
ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს