თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს.
როგორც პროცესზე ზვიადაურმა აღნიშნა, თავს დამნაშავედ არ ცნობს:
"თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია, ასე არ იყო... დანარჩენს ადვოკატები იტყვიან", - თქვა ზვიადაურმა.
ამასთან, ზურაბ ზვიადაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონები უდგებიან.
ზვიადაურს თავდებში უდგებიან ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.
პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ასევე თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.
ამავე თემაზე:
კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს
ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა