ამირან გამყრელიძე: ორსულებს მოვუწოდებ, რომ მათი აცრა აუცილებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

როგორც გამყრელიძემ ონლაინ მედია ვებინარზე განაცხადა, ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ფეხმძიმეების ვაქცინაცია აუცილებელია.

„ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების შემთხევევებმა ქვეყანაში მოიმატა და წელს 8 დადასტურებული შემთხვევაა.

„ეს უზარმაზარი პრობლემაა, სამწუხაროდ ეს პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში, დედათა სიკვდილანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პირობებში სამწუხაროდ მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა , ჩვენ შარშან გვქონდა 1 შემთხვევა, წელს გვაქვს 8 დადასტურებული და მე-9 შესწვალის სტადიაშია",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში ორსულების ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით არის დასაშვები.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე.

კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის სპეციალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება