სახალხო დამცველი მთავრობის მიერ კოვიდის მართვის პოლიტიკას აკრიტიკებს

სახალხო დამცველი მთავრობის მიერ კოვიდის მართვის პოლიტიკას აკრიტიკებს. ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებამ აცრების პოპულარიზაციის აქტიურ კამპანიაზე უარი ანტივაქსერთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის ​მხარდაჭერის დაკარგვის შიშით თქვა.

„არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა - მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას, ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით.

ოპოზიციის პოლიტიკა იყო ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა.

ხოლო წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა.

ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში.

ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა... 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში", - წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 901 ადამიანს დაუდასტურდა, 74 გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 28 555-მა ადამიანმა გაიკეთა