საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან თბილისში დაბრუნდა

ავღანეთიდან 19 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა.

საქართველოს 16 მოქალაქე ქაბულიდან ევაკუაციის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეების გადმოყვანა ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. შესაბამისი უწყებების კოორდინაციით, ყველა ნაბიჯი ეტაპობრივად იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ავღანეთი უსაფრთხოდ დაეტოვებინათ.

საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება პარტნიორი ქვეყნების დახმარებით მოხერხდა.

„ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა დავიწყეთ იმ დღიდან, როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ავღანეთში, ძირითადად ქაბულში და ითხოვდნენ შველას, რომ წამოგვეყვანა. დავიწყეთ ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, რომ მოგვეხერხებინა მათი აეროპორტში უსაფრთხო მიყვანა და აეროპორტიდან უსაფრთხოდ გადმოგვეფრინა საქართველოს მიმართულებით. ძალიან რთული სიტუაცია იყო და კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა. კავშირზე ვიყავით დამსაქმებელ კომპანიასთან როგორც კანადაში, ასევე ლონდონის ოფისთან, რომელიც ფარავს ავღანეთს. ძირითადად, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამერიკელები, ბრიტანელები, უნგრელები და თურქები. თითოეულ მათგანს მინდა,მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანის საქმეში გაწიეს. რა თქმა უნდა, ეს დეტალები ღიად არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი საქმე და სამუშაოა გაწეული. რაც მთავარია, ამოცანა შესრულებულია, ყველა უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა თავის ოჯახებს“,- განახადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

რევაზ ჯაველიძის განცხადებით, მიზანი მიღწეულია და საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდა ქვეყანაში.

,,პირველივე დღიდან, როცა გადაწყდა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია ჩავერთეთ საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც წარმატებით დასრულდა დღეს და ჩვენი 16 თანამოქალაქე დაუბრუნდა ოჯახებს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსათვის და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. მე ვახსენე უკვე, რომ ეს იყო საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი და ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები, ვისთანაც ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. მთავარი არის ის, რომ მიზანი მიღწეულია, ჩვენი მოქალაქეები თბილისში არიან”,- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

მისი თქმით, ქართული მხარე ოფიციალურად იყო კავშირზე მეგობარ ქვეყნებთან და საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა ოფიციალური გზებით ხდებოდა.

,,რამდენიმე ქვეყანა გამოიარეს და ყველგან სათანადო მხარდაჭერა ჰქონდათ როგორც სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ასევე საგარეო უწყების და საკონსულო სამსახურების მხრიდან”,- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

ქაბულში სულ საქართველოს 24 მოქალაქე იყო.

ცნობისთვის, საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში უნგრული ბორტით დაბრუნდა.

ქაბულიდან, NATO-ს ბაზიდან საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის დახმარებით გამოფრინდნენ

ცნობისათვის, ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.