ქაბულიდან, NATO-ს ბაზიდან საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის დახმარებით გამოფრინდნენ

საქართველოს თექვსმეტმა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა. მოქალაქეები უსაფრთხოდ გადაიყვანეს აეროპორტში, NATO-ს ბაზაზე. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ქაბულში სულ საქართველოს 24 მოქალაქე იყო. ექვსმა ქართველმა ქაბული, 18 აგვისტოს, უნგრეთის მთავრობის დაქირავებული ლაინერით, ორმა კი 19 აგვისტოს, გერმანელი დამსაქმებლის დახმარებით დატოვა.

„აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის მიერ გაწეული დროული დახმარების შედეგად, ჩვენ შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება. ასეთ კრიტიკულ დროს გამოხატული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ პოსტში Facebook-ზე.

თურქეთი: ჩვენი მიზანია, ქაბულის აეროპორტის დაცვა და ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა აშშ-ის გასვლის შემდეგ

„პროცესი იყო უაღრესად რთული, რადგანაც სიტუაციას ამძიმებდა ქაბულში შექმნილი ვითარება. მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ფაქტობრივად იყო შეუძლებელი და იმ სიტუაციაში, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა ხდებოდა ქაბულის აეროპორტის გარშემო, ძალიან საფრთხილო იყო თითოეული ნაბიჯის დაგეგმვა. პროცესი იყო გაყოფილი ორ ნაწილად. პირველ ეტაპზე მოხერხდა შვიდი მოქალაქის გამოყვანა. ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან. დანარჩენი 16 - ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეები, კერძო კონტრაქტორები, რომლებიც ერთ-ერთ დასავლურ კომპანიაზე მუშაობდნენ. მათი გამოყვანა შედარებით გაჭიანურდა, ობიექტური პირობების გამო“, - აღნიშნა მოგვიანებით მედიასთან კომენტარში დავით ზალკალიანმა.

რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?

ფაქტთან დაკავშირებით პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ყველა ქართველი უსაფრთხოდ მოემგზავრება სამშობლოში ქაბულიდან! ჩვენ მადლობას ვუხდით პარტნიორებს - დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, აშშ-ს, რომლებიც დაგვეხმარნენ მათ ევაკუაციაში. სიტუაცია კვლავ ძალიან შემაშფოთებელია და მე სოლიდარობას გამოვხატავ ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომლებიც ევაკუაციის პროცესს უძღვებიან“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ცნობისათვის, ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.