ეუთოს ანგარიში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე

ეუთო/ODIHR-ი საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის საკითხზე მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენის პროცესში რიგი პოზიტიური სამართლებრივი ცვლილების მიუხედავად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დღევანდელი საბოლოო მონიტორინგის ანგარიში გვიჩვენებს, რომ პარლამენტის მიერ დანიშვნის ეტაპი ჯერ კიდევ განიცდის ადეკვატური გარანტიების ნაკლებობას, რაც ნეგატიურად აისახება მთლიან პროცესზე.

დოკუმენტში წერია, რომ ყველა დანიშნული მოსამართლე კაცი იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა სამართლიანი გენდერული წარმომადგენლობითობის პრინციპს.

ამასთან აღნიშნულია, რომ მოქმედ სამართლებრივ ნორმაში კვლავაც არ არის პრევენციის მექანიზმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად, რადგანაც ის პარლამენტს ანიჭებს ქმედებების სრულ თავისუფლებას დაამტკიცოს, ან უარყოს რომელიმე კანდიდატი არსებითი დასაბუთების წარდგენისა და დადგენილი კრიტერიუმების დაცვის გარეშე, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის 4 დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს.

„საერთო ჯამში პოზიტიურმა ცვლილებებმა, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით განხორციელდა, გააუმჯობესა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, თუმცა დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებმაც შეასუსტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების სამართლიანობა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზუნველყო კანდიდატების შერჩევის პროცესის საყოველთაობა და ინკლუზიურობა, რასაც შედეგად მოჰყვა შეზღუდვა კანდიდატთა საერთო რაოდენობაში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გარკვეული ღონისძიებები განახორციელა, რათა მომხდარიყო 43 კანდიდატის მოსმენებზე საზოგადოებრივი წვდომის უზრუნველყოფა.

წახალისების მიზნით აღნიშნული მოსმენები ჩაიწერეს და ონლაინ იყო შესაძლებელი მათი ნახვა. სამწუხაროდ, იმ პირობებში როცა გასაუბრებებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ იყო დადგენილი მკაფიო სტანდარტები და სახელმძღვანელო მითითებები, აღნიშნული გასაუბრებების ჩატარების პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი სხვაობა მათ ხანგრძლივობაში, სტრუქტურასა და საერთო ატმოსფეროში, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ პროცესში კანდიდატებისთვის გათვალისწინებული თანასწორობა.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული შიდა წინააღმდეგობები, წევრებსა და ზოგიერთ კანდიდატს შორის მტრული შელაპარაკებები, ზიანს აყენებდა პროცესების პროფესიონალურ დონეზე ჩატარებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი მონაწილე წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის პრინციპების დარღვევა აგრეთვე საფრთხეს უქმნიდა კანდიდატთა წარდგენის პროცესის სამართლიანობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ექსკლუზიური ინტერვიუ: ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: მნიშვნელოვანია, უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს