თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისეთივე იქნება, როგორც ახლა, არჩევენების ჩატარება რისკებთან იქნება დაკავშირებული - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან საუბრისას.
ივანე ჩხაიძის თქმით, 6000 ინფიცირებულის პირობებში, არჩევნების ჩატარება რეკომენდებული არ იქნება, თუმცა გადადებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
„თუ ვირუსით ინფიცირების ისეთივე მაჩვენებელი იქნება, როგორიც ახლა არის და არ შემცირდება; თუ არ იქნება დისტანცირებისა და ნიღბის ტარების ღონისძიებები და რეკომენდაციები დაცული, ნებისმიერი ასეთი თავშეყრა არის რისკის შემცველი.
მთავარია, იქნება თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება, საუბარია მკვეთრ შემცირებაზე და არა 100 და 200-ით შემცირებაზე, საუბარია იმ ციფრების განახევრებაზე, რომლებიც ახლაა, რისი მოლოდინიც ჩვენ გვაქვს სექტემბრის ბოლოსთვის, ინფიცირების მაჩვენებელი უნდა შემცირდეს მნიშვნელოვნად დღევანდელთან შედარებით.
თუ ისეთივე მაჩვენებელი იქნება, როგორიც ახლა არის და სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, ანუ ერთი თვის შემდეგ, ოთხი, ხუთი და ექვსი ათასი ინფიცირებული გვეყოლება, მე არ ვამბობ 2 ოქტომბერს, არჩევენების ჩატარება რისკთან დაკავშირებული იქნება. 6000 ინფიცირებულის პირობებში, რა თქმა უნდა, არჩევნების ჩატარება რეკომენდებული არ იქნება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, თუ აგვისტოში დღიურად აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შენარჩუნდება, სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალი არ უნდა იყოს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მაღალი არ უნდა იყოს. ვინაიდან, აცრილების რაოდენობა მზარდია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მე ვგულისხმობ აგვისტოს პერიოდს, თუ ჩვენ აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შევინარჩუნეთ, 30 000 ყოველდღიურად, ეს არის სწორედ ის, რაც შედეგს მოგვცემს ერთი თვის შემდეგ, ანუ სექტემბრის ბოლოსთვის.
ამიტომ ვამბობ, თუ აგვისტოს (ვაქცინირებულთა) მაჩვენებელი იქება მაღალი, სექტემბრის ბოლოსთვის ჩვენ ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაგვეზრდება, რაც რისკებს შეამცირებს. მაგრამ ერთია აცრა და მეორეა ინფიცირებულთა რაოდენობა. ხუთი და ექვსი ათასი ინფიცირებულის პირობებში, ორგანიზებული ღონიძიების ჩატარება (არჩევნების) მიზანშწონილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კითხვაზე, უნდა განიხილებოდეს თუ არა არჩვნების გადადების საკითხი, ივანე ჩხაიძის თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.
„ვფიქრობ, ახლა ამ საკითხის განხილვა ძალიან ადრეა, ვინაიდან სურათი იცვლება ყოველ ორ კვირაში. ამიტომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა ვთქვათ, არის თუ არა კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა დაღმავალ მრუდზე. თუ დაღმავალი მრუდია, ეს გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს მოგვცემს. ამიტომ ვამბობ, რომ ერთი თვის შემდეგ, სწორედ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება ნათელი, სად ვართ პანდემიის მიმდინარეობის კუთხით, რომელ ფაზაში.
ძალიან რთულია პროგნოზირება, მარამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამოდინარე, ვაქცინაციის მაღალი ტემპიდან გამომდინარე, შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ სექტემბერში ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლები უნდა იყოს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში კოვიდვაქცინა მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა
ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო
ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს
რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება
ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის