საქართველოში ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ლიეტუვის მოქალაქეები საარჩევნო მისიებით აუცილებლად ჩამოვლენ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის.
როგორც ელჩმა ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ორი ოქტომბრის არჩევნებს ბევრი სადამკვირვებლო მისია დააკვირდება. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დემოკრატიზაციის მთავარ წყაროს კი სწორედ რომ ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ კუთხით, მინდა აღვნიშნო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლი, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს სანდო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი მუნიციპალური არჩევნებისთვის. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საზოგადოების მხრიდან არჩევნებისადმი მაღალი ნდობის მისაღწევად ჩვენი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში ჩაერთვება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი და საარჩევნო ადმინისტრაციისგან იქნება დიდი ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ლიეტუვის მოქალაქეები საარჩევნო მისიებით აუცილებლად ჩამოვლენ 2 ოქტომბრისთვის. საქართველოს მომავალი ეს არის ევროპის მომავალი“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.
ამავე თემაზე:
რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება
ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის
ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო