AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ, - ამის შესახებ AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg-ს განუცხადა.
მისი თქმით, კვლევის მიზანი იმის გარკვევაა, არის თუ არა ვაქცინა უფრო ეფექტური იმ შემთხვევაში, როცა მისი შედარებითი მცირე დოზის გამოყენება ხდება.
AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. ამგვარად, ორივე ტესტის გათვალისწინებით, AstraZeneca-ს ვაქცინის საშუალო ეფექტურობა 70%-ით განისაზღვრა.
AstraZeneca მზადაა, 2021 წელს 3 მილიარდამდე დოზა ვაქცინა დაამზადოს, თუ მას გამოსაყენებლად დაუშვებენ.
18 ნოემბერს კორპორაცია Pfizer-მა გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ გერმანულ BioNTech-თან ერთად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დასრულების თაობაზე და ეფექტურობის მაჩვენებელი მანამდე ნაჩვენებზე კიდევ უფრო მაღალი – არა 90, არამედ 95%-იანი აღმოჩნდა.
გარდა ამისა, ნოემბერში ამერიკულმა კომპანია Moderna-მა განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გამოცდის მესამე ეტაპზე 94,5%-იანი ეფექტურობა აჩვენა. რუსეთის გამალეის სახელობის ინსტიტუტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ვაქცინა - "Спутник V" 92%-იანი ეფექტურობით ხასიათდება, თუმცა ეს – იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული ამ ვაქცინის გამოცდის ყველაზე მნიშვნელოვანი – მესამე ეტაპი ამ დრომდე არაა დასრულებული.
Moderna მისი ვაქცინის ერთი დოზის წინასწარ ღირებულებად 25-37 დოლარს ასახელებს, Pfizer — დაახლოებით 18 დოლარს. «Спутник V»-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა გაცილებით იაფი იქნება. AstraZeneca ასევე იუწყება, რომ მისი ვაქცინა უფრო იაფი იქნება, ვიდრე ძირითადი კონკურენტებისა, თუმცა ფასს ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.