ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან ტერორისტული აქტის მიუხედავად, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას.

თეთრ სახლში ბრიფინგზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ მათ ტერორისტები ვერ შეაჩერებენ.

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას. მე ასევე დავავალე სამხედროებს, შეიმუშაონ გეგმა, რომლითაც „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურაზე და ხელმძღვანელობაზე იერიშს მივიტანთ. ჩვენ ძალისმიერ პასუხს გავცემთ იმ დროსა და იმ ადგილზე, რომელსაც თავად შევარჩევთ. ტერორისტები არ გაიმარჯვებენ. ჩვენ დავიხსნით ამერიკელებს და ჩვენს მოკავშირეებს. ამერიკას ვერ დააშინებენ“, - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ამავე თემაზე:

როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს