ავღანელი მინისტრი გერმანიაში პიცის დამტარებლად მუშაობს

ეს მამაკაცი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ 50 წლის აჰმად შაჰ სადაათია. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ის შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, ძვირადღირებული მანქანითა და პირადი დაცვით გადაადგილდებოდა ქაბულის ქუჩებში. ახლა ნარინჯისფერი სპეციალური ტანსაცმლითა და ველოსიპედით ლაიფციგის ქუჩებში დადის და კლიენტის გამოძახებული პიცა დანიშნულების ადგილზე დროულად მიაქვს.

ამ სამსახურში აჰმადს საათში 15 ევროს უხდიან. ჯერჯერობით გერმანული ენა არ იცის, მაგრამ ამბობს, რომ სწავლობს.

სადაათი თითქმის ერთი წელიწადია, ლაიფციგში პატარა ბინაში ცხოვრობს, რომელიც 400 ევროდ აქვს ნაქირავები. ის ერთ-ერთია იმ ავღანელებიდან, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაექცა ქვეყნიდან ტერორისტებს.

"მე აქ თავს დაცულად ვგრძნობ, მდიდარი ადამიანი აღარ ვარ, მაგრამ მსიამოვნებს ეს სამსახური და ეს ფული საკმარისია იმისათვის, რომ ვიცხოვრო” - ამბობს სადაათი.

50 წლის მამაკაცი, რომელიც ავღანეთში დაიბადა, ჯერ კიდევ წლების წინ მშობლებთან და შვიდ ძმასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. ბრიტანეთში ელექტროტექნიკის შესწავლის შემდეგ მობილური კომუნიკაციების ინდუსტრიაში მუშაობდა. 2016 წელს სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მაშინდელმა მმართველმა კარგი განათლების მქონე თანამემამულეს კომუნიკაციების მინისტრის პოსტი შესთავაზა.

"მე იქ გაცილებით ნაკლები გამოვიმუშავებდი, მაგრამ მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის მემსახურა", - განმარტავს სადაათი. მინისტრს ორი წლის წინ კოსმოსში თანამგზავრის გაშვებაც კი სურდა…

ყოფილი პოლიტიკოსი მსოფლიოს სთხოვს, რომ გააგრძელონ მისი სამშობლოს დახმარება: ”მსოფლიო ახლა ავღანელი ხალხის გვერდით უნდა იყოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ არსებული პრობლემები ასევე იქცევა ჩვენ პრობლემად, აქ, გერმანიაში. ” - ამბობს აჰმად შაჰ სადაათი.